აფხაზეთის უმნიშვნელოვანესი ქართული კულტურის ძეგლები
აფხაზეთი მდიდარია ისტორიული, არქეოლოგიური, რელიგიური კულტურის ძეგლებით. აქ ქართველებმა საუკუნეების განმავლობაში შექმნეს კულტურის უნიკალური ნიმუშები. სამწუხაროდ, ბევრი მათგანი განადგურდა, გაიძარცვა ეკლესია-მონასტრები, დაინგრა ისტორიული ძეგლები…
XX საუკუნის მიწურულს საქართველოდან აფხაზეთში ჩასულმა ექსპერტთა ჯგუფმა, რომელთაც იქაური კულტურული მემკვიდრეობის მდგომარეობა უნდა შეესწავლათ, სხვადასხვა მიზეზთა გამო სრული დოკუმენტის შედგენა ვერ შეძლეს. მისიამ ზოგიერთი ძეგლი მხოლოდ გარედან დაათვალიერა.
ამჯერად, ჩვენს ფასდაუდებელ სიმდიდრეს მოკლედ მიმოვიხილავთ.
ბიჭვინთა უძველესი დროიდან ქრისტიანობის ერთ-ერთი მძლავრი კერა იყო. მის ცენტრში დგას X საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი – ბიჭვინთის საეპისკოპოსოს საკათედრო ტაძარი. იგი ჯვაროვან-გუმბათოვანი ნაგებობაა. ნაშენებია ქვისა და აგურის რიგების მონაცვლეობით. გუმბათი ემყარება საკურთხევლის კედლების შვერილებსა და ორ ბოძს. ბოლო დროს ინტენსიური სარესტავრაციო სამუშაოები შესრულდა, რის გამოც ძველი მოხატულობა განადგურდა. ეს ტაძარი ისევე, როგორც აფხაზეთის ტერიტორიაზე მდებარე სხვა ძეგლები, ორგანულადაა ჩართული ქართული ხუროთმოძღვრების განვითარებაში.
ახლანდელი ახალი ათონის ტერიტორიაზე მდებარეობს ანაკოფიის წმიდა სვიმონ კანანელის ეკლესია, რომელიც ციხის ტერიტორიაზეა აგებული, ბოლოს 1991 წელს შეკეთდა, მაგრამ არ შეკეთებულა გუმბათი, რის გამოც შენობას აწვიმს და ზიანდება ფრესკების შემორჩენილი ფრაგმენტები. ქართული წყაროების თანახმად, აქ განისვენებს საქართველოში ქრისტიანობის ერთ-ერთი პირველი გამავრცელებელი სვიმონ კანანელი. აქვე მდებარეობს ახალი ათონის წმიდა პანტელეიმონის მონასტერი.
ქართული ხუროთმოძღვრების უმნიშვნელოვანესი ძეგლი – ბედიის ტაძარი მდებარეობს ოჩამჩირის რაიონში. იგი სამი მხრიდან შვეული კლდეებითაა შემოზღუდული, მისასვლელი მეოთხე მხრიდან აქვს. ტაძარი ბაგრატ III-ის დროსაა აგებული. მეფე სწორედ აქ გახლავთ დაკრძალული. ბაგრატის ღვაწლზე “მატიანე ქართლისაჲს” ავტორიც საუბრობს. ბედიის კომპლექსი, ნგრევის მიუხედავად, თავის ხიბლს კვლავ ინარჩუნებს.
შავიზღვისპირა დაბლობზე, გაგრაში მდებარეობს განთიადის ბაზილიკა, რომელიც VI-VII საუკუნეებით თარიღდება. შესასვლელი სამი მხრიდან აქვს. საშენ მასალად გამოყენებულია სხვადასხვა ზომის ბრტყელი აგური. ნანგრევებში აღმოჩენილია თეთრი მარმარილოს საფლავის ქვის წარწერა ბერძნული ასომთავრულით. როგორც ჩანს, იგი საერო ან სასულიერო წარჩინებული პირის საფლავს განეკუთვნება.
გუდაუთიდან 10 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს დარბაზული ნაგებობის ტაძარი, რომელიც აილაგა-აბიყუს სახელითაა ცნობილი. ეს სახელწოდება მას მოგვიანებით ეწოდა და აფხაზურად დახლართულ კოშკს ნიშნავს. თავდაპირველი სახელი უცნობია. ეკლესია დღეისათვის ნანგრევებშია. გარშემო მცენარეების უხვი საფარი აკრავს. საფიქრებელია, რომ ტაძარი უკვე რამდენიმე წელია მოვლა-პატრონობის გარეშეა დარჩენილი.
ლიხნეს ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი, რომელიც გუდაუთის რაიონში მდებარეობს, ორსართულიანია. ფასადები მოპირკეთებულია სუფთად გათლილი ყვითელი ქვით. ინტერიერის მოხატულობა გამოირჩევა ფაქიზი კოლორიტით. იგი ქართული ეკლესიის მხატვრობის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ნიმუშია და ადრევე იპყრობდა მკვლევართა და დამთვალიერებელთა ყურადღებას.
ოჩამჩირის რაიონის სოფელ მოქვში მდებარეობს მოქვის საკათედრო ტაძარი. იგი ააგო აფხაზთა მეფე ლეონ III-მ დაახლოებით 957 წელს. მოქვი ქართული კულტურის უმნიშვნელოვანესი კერა იყო. ტაძარს ჰქონდა წიგნთსაცავი, რასაც მოწმობს ჩვენამდე მოღწეული ხელნაწერები. XX საუკუნის დასაწყისში რუსმა მღვდლებმა ტაძარი ქალთა მონასტრად გადააკეთეს. ამჟამად ტაძარში წაშლილია ფრესკები და მათზე არსებული ძველქართული წარწერები.
ილორის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია მდებარეობს ოჩამჩირის რაიონში და დარბაზული ტიპის ნაგებობას წარმოადგენს. ფასადებზე შემორჩენილია ძველი ქართული წარწერებიანი 5 ქვა. სოფლის ტერიტორიაზე აღმოჩენილია ადრინდელი ფეოდალური ხანის ციხესიმაგრის ნაშთები. ძეგლი თარიღდება XI საუკუნით. ოსმალების მიერ გადამწვარი ილორი ოდიშის მთავრებმა აღადგინეს. ეკლესია მოქმედია, იგი კონფლიქტის პერიოდში არ დაზიანებულა, მაგრამ სინესტის გამო ტაძარს დანგრევის საფრთხე მაინც ემუქრება.
წმიდა იოანე ოქროპირის მონასტერი მდებარეობს სოხუმის ჩრდილოეთით, სოფელ კომანში, წმიდა წყლების მიდამოებში. თარიღდება X-XI საუკუნეებით. ეს ტაძარი დაურბევიათ და აქ არსებული წმიდა სალოცავები გაუნადგურებიათ. მონასტერი აღუდგენიათ აფხაზეთის ომის წინა წლებში. აქ განთავსებულია წმიდა იოანე ოქროპირის სარკოფაგი, წმიდა ვასილისკოს საფლავი. ეს არის საერთო ქრისტიანული ეკლესიის წმიდათა წმიდა ადგილი.
აფხაზეთში სხვა უამრავი ისტორიული ძეგლიც მდებარეობს: დრანდის გუმბათოვანი ეკლესია, ბზიფის ეკლესია, თამარის ხიდი მდინარე ბესლეთზე და სხვ.
აფხაზეთი იმერეთთან, სვანეთთან, მესხეთთან და სხვ. ერთად ქმნის ქართულ კულტურას.
სოფიკო აბულაძე
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.
ხმერტი გადარცენს საქართველოს გფარავდეთხმერტი
უფალი არ მიგვატოვებს
ღმერთი დაგვიფარავს და აფხაზეთს დავიბრუნებთ
დიახ, გეთანხმებით ამ მშვენიერ სიტყვებზე
ჩემი აზრით ეს ინფორმაცია გვეყოფა, შესაძლოა აფხაზებიც ნატრობენ რომ ქართველები იყვნენ
გვივარდეს სამშობლო ჩვენი საქართველო, გვიყვარდეს კუთხეები საქართველოსი!!!
Ogond cota shecdomebi gaqvt
da tu sheidzleba gaasworet
areferia shecdoma
rac martalia martalia meorejer gamomadga es informacia
რას ნიშნავს ეს?!აფხაზი ქართველია!აფხაზეთი საქართელოს კუთხეა და ენგურზე რუსების ჯარი არ ნიშნავს რომ ჩვენ აფხაზეთი სამუდამოდ დავკარგეთ.ხალხო,შეიგნეთ ეს!
ღმერთი ყოველთვის ჩვენთან არის და იქნება კიდევაც,ჩვენ ის არასოდეს არ მიგვატოვებს.მართალია ისინი რუსებს დაეხმარნენ,მაგრამ მათაც დაზარალდნენ და ჩვენაც დაგვაზარალეს.ამიტომ უნდა ვედგეთ ქართველები ერთმანეთს მხარში და არ უნდა ვაქციოთ ზურგი ერთმანეთს!!!
სრულიად სწორია !!!