მთავარი » კულტურა

აფთი ბისულთანოვი-თანამედროვე ჩეჩნური პოეზიის განმაახლებელი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 09.12.2011 2 კომენტარი | 4,001 ნახვა

“ჩეჩნეთო იარე სინათლის ზღვაზე
ცხოვრება არ გღლიდეს ათას წლის თავზეც”

“აფთი ბისულთანოვი, ცნობილი ჩეჩენი პოეტი, ჩეჩენი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი სულის ჩამდგმელი და იდეოლოგი, დაიბადა 1959 წელს სოფელ ღოიჩუში, რომელიც 2000 წლის მარტში რუსებმა პირისაგან მიწისა აღგავეს.

აფთი ბისულთანოვის პოეზია, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, თავისი გაბედული იდეებითა და პირდაპირობით საზრუნავს უჩენდა საბჭოთა ხელისუფლებას, აფთი ბისულთანოვი ხოლო ვაინახ ახალგაზრდობას თავისუფლების წყურვილს კიდევ უფრო უღვივებდა და საბრძოლო პათოსით განაწყობდა. მისი იდეების აქტუალურობამ, წერის მანერის ნოვატორულმა თავისებურებამ, ჩანაფიქრისა და გრძნობების გადმოცემის არნახულად დახვეწილმა ლიტერატურულმა სტილმა, პოეტს “ჩეჩენთა პუშკინის” მეტსახელი დაუმკვიდრა, თუმცა თავად რუსი ლიტერატურათმცოდნე მარია კატიშევამ მისი შემოქმედების განხილვისას განაცხადა, რომ აფთი უფრო მეტს ნიშნავს ჩეჩენი ხალხისთვის ვიდრე პუშკინი რუსებისათვის, ხოლო გერმანელი ლიტერატურათმცოდნე და ჟურნალისტი სიგლინდე გაიზელი მის ლექსებზე წერს: “მათი მხატვრული გამომეტყველება ცხადყოფს იმას რომ, ბისულთანოვმა “მიაღწია იმ სიმაღლეს, სადაც ჯერარავის მიუღწევია” როგორც ამას პოეტის დანიშნულებაზე იოზეფ ბროდსკიც ამბობს.”

პოეტი განათლებით ფილოლოგია. 1979 წელს, როგორც ლიტერატურული კლუბის “ფჰარმათის” წევრი, გამოცხადებულ იქნა ნაციონალისტად, ანტისაბჭოთა პროპაგანდისტად, აიკრძალა მისი ნაწერების ბეჭდვა-გამოცემა. ჩეჩნეთი დევნის მიუხედავად აფთი ბისულთანოვი ინტენსიურად იყო დაკავებული ჩეჩნური ფოლკლორით და ყურადღებით აკვირდებოდა ევროპული პოეზიის განვითარებას. ორივეს სინთეზში პოულობდა იგი საკუთარ შეუცვლელ პოეტურ სიმშვიდეს და მოიაზრება როგორც ჩეჩნური პოეზიის განმაახლებელი.

მუშაობდა მასწავლებლად, ჟურნალ “სთელა ად”-ის რედაქტორად, ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის ვიცე-პრემიერად… 1996 წელს ხელში ჩაუვარდა რუსებს, გამოსცადა მათ საკონცენტრაციო ბანაკებში ტყვეთა წამების ცნობილი მეთოდები.

1997 წელს დაარსა ტრადიციული ჩეჩნური კულტურის ცენტრი “ლამ” (მთა), შეიმუშავა ჩეჩნური კულტურის გადარჩენისა და პოპულარიზაციის გეგმა. 1998 წელს იმყოფებოდა აშშ-ში, სადაც მოლაპარაკებებს აწარმოებდა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ფონდებთან, რათა დახმარება მიეღო მათგან ჩეჩნეთის კულტურის გადარჩენისათვის ბრძოლის საქმეში.
მეორე ომის პერიოდში დაინიშნა იჩქერიის მთავრობის ვიცე-პრემიერად, პრეზიდენტ მასხადოვის დროს იყო სახელწიფო დაცვის კომიტეტის წევრი, სპეციალური სამხედრო ქვედანაყოფის “მანსურ-ის” მეთაური, 1999-2000 წლებში მონაწილეობდა ქ. გროზნოს დაცვისთვის წარმოებულ ბრძოლებში. გროზნოდან გამოსვლის შემდეგ, 2003 წელს ბრძოლას აგრძელებდა ჩეჩნეთის მთებში. იყო პრეზიდენტის წარმომადგენელი სხვადასხვა ორგანიზაციაში.

2000 წელს რუსული ხელახალი აგრესიის შედეგად, როცა მთელი ჩეჩნეთი ომის ცეცხლში იყო გახვეული, განადგურდა მისი ხელნაწერებიც, აგრესორმა რუსებმა დაწვეს პოეტის ნაწერები და მთელი არქივი.

2003 წელს თბილისში ყოფნისას მიიღო გერმანიის კულტურის ფონდის სტიპენდია და გაემგზავრა ბერლნიში. ამავე წელს მიიღო როტერდამის საერთაშორისო პრემია პოეზიაში. იყო სტიპენდიანტი მაქს პლანკის ინსტიტუტში, ჰაინრიხ ბიოლის სახლში, ქ.რაინბერგის საპატიო მწერალი.

2004 წელს გერმანიაში გერმანულ-ჩეჩნურ ენებზე გამოიცა მისი ლექსთა კრებული “ელვის ჩრდილი” და “განშორების ეტიუდები”.
პოეტი ამჟამად ავსტრიაში ცხოვრობს და მოღვაწეობს.

აფთი ბისულთანოვის ლექსები მედინა ხანგოშვილი-ბარგიშოვამ ქართულად თარგმნა. ბისულთანოვის წიგნის პრეზენტაცია მთარგმნელი ამბობს: “როდესაც მე პოეტს ვკითხე, იქნებ უკეთესი იყოს განვმარტო ზოგიერთი თქვენი აზრი, თუნდაც სასვენი ნიშნების ჩამატებით-მეთქი, მან გულდაჯერებით მიპასუხა: “მე მგონია, რომ ამის აუცილებლობა არ არსებობს, დარწმუნებული ვარ რომ, ქართველი მკითხველივით, მე ვერავინ ვერ გამიგებს… გარდა ამისა, მე ყოველთვის ვუტოვებ მკითხველს იმის საშუალებას, რომ მან თავისებურად, თავისი ემოციებით აღიქვას და გაიგოს ჩემი ნააზრევი.”

ორენოვანი წიგნის პრეზენტაცია “კავკასიის ფონდის” ორგანიზებით 2011 წლის 23 თებერვალს მოეწყო. ქართველი მკითხველი დიდი ინტერესით უსმენდა სამშობლოს სიყვარულითა და მშობლიური ჩეჩნური მიწის მონატრებით გამსჭვალულ პოეტს. ის თბილისის უმაღლესი სასწავლებლების ქართველ და ჩეჩენ სტუდენტებსაც შეხვდა.

ქართულ-ჩეჩნური ლიტერატურული ურთიერთობების განვითარების ფარგლებში გადაწყდა ჩეჩნურ ენაზე ითარგმნოს XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი საინტერესო წარმომადგენლის გაბრიელ ჯაბუშანურის პოეზია, რისი შესრულების სურვილიც აფთი ბისულთანოვმა თავად გამოთქვა.

დანარჩენს კი თავად ლექსები გიამბობენ…”

* *
კერიის შექმნას ის არ ცდილობდა
როცა ქვას ქვაზე მიჯრით აწყობდა
ეული სულის ცნობას ლამობდა

მე ამას ვუწყი ჩემს წინაპართა ყოველ კოშკიდან

მე ამას ჩავწვდი ჩეჩნეთში ნანახ პირველი კოშკის
ყოველ სარკმელზე და ყოველ ბჭეზე
წაღმა შემოკრულ წრე-რკალის ხილვით
ჩვენმა მამებმა სოლით ქვაზე რომ ამოკვეთეს
ოდესღაც შამში ვარსკვლავთ წერილში ნახმარ ენაზე
სადაც ითქვა რომ ცხოვრების წრის ჭიპი სიკვდილით
იქმნება
წვეთად რომ იქცევა წვეთისგან შექმნილი
წრე იგი სიმარტოვეა სიმარტოვე კი თავად რომ არის
თავისუფლება
და ბორბლის ჰანგით ვინც იხიბლება რომ ცნობს
იდუმალს მსვენიერების

გიდი კი ამბობს ეს გახლავთ დეკორაცია

კერიის შექმნას ის არ ცდილობდა
როცა ქვას ქვაზე მიჯრით აწყობდა
ეული სულის ცნობას ლამობდა

* ბავშვობანი*

თავის ბავშვობას ვინც სამჯერ ნახავს ის დიდხანს
ცოცხლობს

იტყოდა ხოლმე ბებიაჩემი
მამაჩემს მხოლოდ ორჯერ ეხილა ყრმობა თავისი

ერთხელ ენახა ომისკენ გზაზედ
მატარებლდან რომ მოიხედა
მთის აულიდან ჩამოსული რომ იდგა გზაზედ
და სევდიანად გასცქეროდა ომში მიმავალს

მეორედ ნახა როცა რუს „სალდათებს“
მიჰყავდათ შორით მტრად შერაცხული
თოფებდაღერილ ზურგის მიღმა დალანდა ყრმობა
უკან გახედა
ნახა შემკრთალი რომ ვერ მოსდევდა
სოფლის პირს მდგარი

და თურმე შემდეგ
ერთ წკვარამ ღამეს
ციხე-კოშკების აფეთქებისას
ჩეკისტთ მოეკლათ მწირი ლტოლვილი
გზად შეხიზნული ველურ მტრედებთან

მესამედ როცა
ციმბირიდან შინ მობრუნებულს
არ დართეს ნება მშობლიური მთების ხილვისა
წვრილშვილი დასხა ტრიალ მინდორში
ჩუმად ეახლა მშობელ კუთხეს ლოდინად ქცეულს
განშორებისას ეძებდა ყრმობას მაგრამ ვერ ნახა
არ აცილებდა მას გზაზედ დამდგარს
მაშინ კი მიხვდა
რომ საწუთროს ღრმა სიყვარული
არაფრად ღირდა

პატარა ვიყავ და არ მესმოდა მე მაშინ მამის
ახლა კი ჩავწვდი იდუმალებას
მასთან უდროოდ და სამუდამოდ მოსული ჟამის

p.s

ჩემი ბავშვობა ერთადერთხელ მინახავს მხოლოდ

ომში მიმავალს მაცილებდა
მოვკარი თვალი
შიშს აყოლილი და დამფრთხალი
ჭიშკართან იდგა არ მედგა კვალში

იბომბებოდა ქვეყანა და გრგვინავდა მიწა

და შემდეგ თურმე
სადაც იგი იმალებოდა
შეყუჟული ერთ ბნელ მიწურში ველურ ვირებთან
რუს “მამაც” პილოტს იმ ქოხმახისთვის ბომბი ეტყორცნა

ჩემი ვაჟი კი ჯერ არ შეყრია თავის ბავშვობას
ის ბავშვობიდან წავიდა ომში

**

შენს ნაწნავებში სევდას ჩავაქსოვ
და თეთრ რაშს ზღაპარს ასე ვუამბობ
ოქროს წეროებს გზას დავულოცავ
და შემოდგომას ცრემლებს შევაშრობ

შენი ცრემლებით სიმღერას დავწერ
აულის პირას გავკაფავ ახოს
სისხლად დაღვენთილ ჩეჩენთ ტყეებში
პატიებას ვთხოვ მე მთელ სამყაროს

შენს აჩრდილთაგან ავაგებ ციხეს
ნანახს და განცდილს ამ გულში გავცრი
ზამთარს აყოლილს ჩეჩენთ სოფლებში
ბედს თვალს გავუყრი პირდაპირ თვალში

ტურფა ხარ უფრო დამიმშვენდები
მეც მარტოობა ცოდვისგან დამცლის
ჩვენს დასალოცად მიწის ოხშივარს,
ის თეთრი რაში ზღაპრად გარდაქმნის

დაბრუნდებიან ოქროს წერონიც
მათ საქორწინო კაბას შენთვის ვთხოვ
გაზაფხულის პირს ჩეჩნეთის მთებში
შენს ნაწნავებში ჩემს ბედს ჩავაქსოვ

მოამზადა ნესტან ბლუაშვილმა


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

2 კომენტარი »

  • ნესტანი says:

    ♥ძალიან მიყვარს ეს საოცარი ადამიანი…და საერთოდ ჩეჩნეთის ტკივილს ძალიან განვიცდი და მეც ძალიან მტკივა..
    ღმერთო, გევედრები გადაარჩინე ეს უნიჭიერესი, უმამაცესი და ულამაზესი ერი..

  • ნანა says:

    მე არ ვიცნობდი აფთი ბისულთანოვის პოეზიას. იგი მისი საუცხოო მთარგმნელის მედინა ხანგოშვილის მიერ ნაჩუქარი უბრწყინვალესი ნათართარგმანევით შევიგრძენი და განვიცადე. საოცარია, როცა თარგმანში ასე გრძნობ ლექსის სიძლიერეს. წარმომიდგენია როგორი ძარღვიანი და კიდევ მეტად მძაფრი იქნება იგი ორიგინალში. არაჩეჩენი მკითხველის ასეთი განწყობა აფთის პოეზიისადმი მთრგმელის უდიდესი პროფესიონალიზმის მაჩვენებელია.
    ,,დარწმუნებული ვარ რომ, ქართველი მკითხველივით, მე ვერავინ ვერ გამიგებს” ამბობს პოეტი. სწორედ, რომ ასეა ბატონო აფთი.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი