მთავარი » ახალი თაობის აღზრდა

ადრეული და სკოლამდელი განათლება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 20.06.2017 | 1,723 ნახვა

“სკოლამდელი განათლების სისტემა მომავალი საგანმანათლებლო წარმატებების, პიროვნული განვითარების, საციალური ინტეგრაციისა და ეკონომიკური მდგრადობის საფუძველია” (ევროკომისია 2011).

რატომ არის მნიშვნელოვანი ადრეული და სკოლამდელი განათლება ბავშვის განვითარებისათვის? ინტერნეტჟურნალი ამბიონი ესაუბრა პროფესიით იურისტ მანანა სულაშვილს, რომელიც მუშაობდა საჯარო სკოლის დირექტორად, შემდეგ გადაინაცვლა კერძო სექტორში და ხელმძღვანელობს ვაკეში კერძო ბაღს ქიდს მოლი Kids Mall-ს.

მანანა სულაშვილი: “ხარისხიანი სკოლამდელი განათლება ბავშვს შესაძლებლობას აძლევს ისწავლოს ცვლილებების მიმართ ადაპტაცია, გამოიმუშაოს შესაბამისი უნარები თუ როგორ დაძლიოს პრობლემები. სკოლამდელი აღზრდის როლი ბავშვის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ისინი უნდა მოვამზადოთ ცხოვრებისათვის. ხარისხიანი სკოლამდელი განათლების მიღება, განათლების შემდგომ საფეხურებზე სკოლასა თუ უნივერსიტეტში მნიშვნელოვანია, როგორც აკადემიური ისე სოციალური წარმატებისათვის”.

რა პრობლემების და გამოწვევების წინაშე დგას ქართული სკოლამდელი განათლების სისტემა?

– ქართული სკოლამდელი განათლების სისტემაში, როგორც საგანმანათლებლო სისტემაში არის ხარვეზები, რომლებსაც უნდა მიექცეს ყურადღება, თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენზე.

რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისათვის, რომ ხარისხიანი და ხელმისაწვდომი სკოლამდელი განათლება ვუზრუნველყოთ?

– სკოლამდელი განათლება ყველასთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი, ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს იმის საშუალება, რომ ჯანსაღი კონკურენციის პირობებში ღებულობდეს იმ ყველაფერს რასაც კერძო საბავშვო ბაღის ბავშვები ღებულობენ. ანალოგიურად უნდა კეთდებოდეს ეს ყველაფერი სახელმწიფო ბაღში. რაც მე ძალიან არ მომწონს ეს გახლავთ ბავშვების რაოდენობა სახელმწიფო ბაღებში, საკმაოდ დიდი რაოდენობაა იმისათვის რომ ყველას ინდივიდუალურად მივუდგეთ და მივაქციოთ ყურადღება.

ჯგუფში ბავშვების მაქსიმალური რაოდენობა რამდენს უნდა შეადგენდეს?

– თხუთმეტი ბავშვი მაქსიმალური რაოდენობაა ზედა ასაკობრივი ჯგუფისათვის 3-დან 6 წლამდე, რაც შეეხება ბაგა ჯგუფს უნდა იყოს ბავშვების მაქსიმალურად მცირე რაოდენობა. ჩვენ შემოვიფარგლებით ბაგა ჯგუფში 8-დან 10 ბავშვამდე.

რა მიდგომები გაქვთ და რატომ ფიქრობთ რით არის ეს ბაღი გამორჩეული?

– ყველაზე მნიშვნელობვანი ბავშვისთვის არის გარემო, სადაც ის ატარებს მთელ დღეს. თუ ბავშვს შევუქმნით პოზიტიურ გარემოს, არა მხოლოდ საბავშვო ბაღში, ოჯახშიც და ყველგან სადაც მას უწევს ყოფნა ის აუცილებლად სრულფასოვნად განვითარდება. შესაბამისად ყველაზე მნიშვნელოვანი ორი წლიდან 6 წლამდე ბავშვებში ეს არის ჯანსაღი გარემო, ჯანსაღი ცხოვრების წესი და რაც მთავარია პოზიტიური მიდგომები ბავშვებთან.

მიგაჩნიათ თუ არა სწორად, რომ ბაღში ბავშვმა ისწავლოს უცხო ენა?

– Kids Mall- ში მოსულმა ბავშვებმა გვიჩვენა, რომ ამ მხრივ პრობლემა გვაქვს. უცხო ენა გვიქმნის ძალიან დიდ პრობლემას განვითარებაში, მეტყველების ჩამოყალიბებაში. როდესაც ორი წლიდან ბავშვს ვასწავლით უცხო ენას უმრავლეს შემთხვევაში ყალიბდება მეტყველების დარღვევები, აქედან გამომდინარე დიდი პრობლემები გვექმნება განვითარების სხვადასხვა ეტაპებზეც. ფსიქოლოგების რეკომენდაციაა ისწავლონ მშობლიური ენა პირველ ეტაპზე და უცხო ენა შეისწავლიან პირველი კლასიდან და არა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებიდან.

თქვენი აზრით, როგორ მომზადებულ ბავშვებს ითხოვს სასწავლო დაწესებულება / სკოლა?

– სკოლა არის ადგილი, სადაც ბავშვი იწყებს ცხოვრების ახალ ეტაპს. პირველი კლასი ყველაზე რთულია მათ ცხოვრებაში, რადგან ხვდებიან ახალ გარემოში და უწევთ უცხო ადამიანებთან, უცხო ბავშვებთან კომუნიკაცია. სკოლამდელი აღზრდის ცენტრმა სკოლაში ბავშვი უნდა გაუშვას იმ დონეზე მომზადებული, რომ შეძლოს 35 წუთის მანძილზე მერხთან ჯდომა, მობილიზების მოხდენა. მაგრამ თუ საბავშვო ბაღიდან ბავშვს გავუშვებთ იმ დონეზე მომზადებულს, რომ მას ეცოდინება ქართული წერა-კითხვა, უცხო ენა და სხვ. მისთვის პირველი კლასი იქნება უინტერესო, ერთფეროვანი და შესაძლებელია რომ რიგი პრობლემებიც კი ჩამოგვიყალიბდეს პირველ კლასში.

სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამასთან დაკავშირებით რას გვეტყვით, როგორი სასწავლო გეგმა გაქვთ?

– სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამა ჩემთვის ცოტა დელიკატური თემაა, საბავშვო ბაღში ამ ყველაფერს არ უნდა ერქვას სასწავლო პროგრამა. ჩვენთან ძირითადად მიმდინარეობს სააღმზრდელო პროგრამა. გვყავს კვალიფიციური ფსიქოლოგი, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში გვაძლევს რეკომენდაციებს პროცესის სწორად დაგეგმისათვის. ჩემი პედაგოგებიც ფსიქოლოგები არიან და შესაბამისად ჯანსაღად მიმდინარეობს სააღმზრდელო პროცესი. შემუშავებული გვაქვს ისეთი პროგრამა, რომელიც მოიცავს საგანმანათლებლო საკითხებსაც თუმცა ჩვენ მაინც ვამზადებთ ბავშვებს პირველი კლასისთვის და არ ვამზადებთ როგორც პირველკლასელებს.

თუ გყავთ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვები და თუ არის მათთვის სკოლამდელი განათლება ხელმისაწვდომი?

– ყველას უნდა ჰქონდეს იმის საშუალება, რომ სკოლამდელი განათლების მიღება შეძლოს. რაც შეეხება ჩემს ბაღს, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვი არ მყავს, მაგრამ თუ ამის საჭიროება იქნება აუცილებლად მეყოლება და მეყოლება სპეც-მასწავლებელიც, რომ სწორად წარვმართო სააღმზრდელო პროცესი. ბავშვებთან ურთიერთობა, კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია ყველასთვის, როგორც სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისათვის, ასევე იმ ბავშვებისათვის, რომლებსაც არ სჭირდებათ სპეციალური სააღმზრდელო პროგრამები.

რატომ უნდა მოიყვანოს მშობელმა ბავშვი Kids Mall-ში, რას შესთავაზებს განსხვავებულს და განსაკუთრებულს?

– ჩვენი პრიორიტეტია ბავშვის ინდივიდუალურობიდან გამომდინარე ჩამოვაყალიბოთ მასზე მორგებული სააღმზრდელო პროგრამა. არტ-თერაპიის საშუალებით ბავშვებს ვაძლევთ იმას, რაც მისთვის საინტერესოა, ბავშვები პოულობენ საკუთარ თავს, უყალიბდებათ გემოვნება რის შემდგომაც განვითარების პროცესი მეტად უკედ ყალიბდება. მოგეხსენებათ საბავშვო ბაღებში ტარდება: ქართულის, მათემატიკის, ცეკვის, მუსიკის, ინგლისურის, რუსულის გაკვეთილები. ჩვენ ეს ყველაფერი ერთ ჩარჩოში გვაქვს მოქცეული რასაც ჰქვია არტ-თერაპია ბავშვებისათვის. არტ-თერაპია მოიცავს იმ ყველაფერს რასაც სხვა ბაღები აკეთებენ, თუმცა ჩვენ ამას ვაკეთებთ თერაპიული სახით ბავშვების სწორად განვითარებისათვის. მაგ. მუსიკის თერაპია, ხატვის თერაპია, ფერების თერაპია, ზღაპრის თერაპია და ა.შ. ეს ყველაფერი ჩვენთან სააღმზრდელო პროცესში ზის და ვაწვდით ბავშვებს ფსიქოლოგიურად სწორად განვითარებისათვის.

მოამზადა ლელა ნოზაძემ


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი