მთავარი » ქრისტიანობა

ადამიანს, რომელსაც სწამს ღმერთი, მაგრამ მისდამი არ ლოცულობს

სტატიის ავტორი: | თარიღი: 03.08.2022 | 331 ნახვა

წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

იშრომე და განიმტკიცე რწმენა საკუთარ თავში. დროთა განმავლობაში ლოცვის მოთხოვნილებას შეიგრძნობ. ჯერ სუსტია რწმენა შენი და არ გაიძულებს ლოცვას.

გვინახავს, თუ როგორ ეცემოდა წისქვილის ბორბალს წყლის სუსტი ჭავლი, ხოლო ბორბალი კი უძრავად იდგა; როგორც კი იმძლავრა წყალმა, ბორბალიც დაიძრა. რწმენა ძალაა სულისა. მცირე რწმენა ვერ უბიძგებს გონებას ღმერთზე ფიქრის, ხოლო გულს – უფლისადმი ლოცვისკენ.

მტკიცე რწმენა ამოძრავებს გონებას, გულს და საერთოდ მთლიანად სულს ადამიანისას. ვიდრე სულში მტკიცე რწმენა ცოცხლობს, ის მიაქანებს მთელი ძალით სულს უფლისაკენ.

შენ მეუბნები, რომ როდესაც წაიკითხე მაცხოვრის სიტყვები: „ხოლო თქუენ ნუ ემსგავსებით მათ, რამეთუ იცის მამამან თქუენმან, რა იგი გიხმს თქუენ, ვიდრე თხოვადმდე თქუენდა მისგან“ (მათ. 6,8), დაასკვენი, რომ ლოცვა საჭირო არაა. რა თქმა უნდა, უფალმა იცის, თუ რა გვჭირდება ჩვენ, მაგრამ მას სურს, რომ ვევედროთ. ამიტომაც გვიქადაგა მაცხოვარმა: “მოუკლებელად ილოცევდითო” (თესალ. 1,5,17) და გვასწავლა ვედრება.

ეს უფრო ადვილი ასახსნელია მშობლებისათვის, ვიდრე შენთვის, დაუოჯახებელისათვის. მშობლებმა იციან, თუ რა სურთ შვილებს, მაგრამ ელიან, ვიდრე ბავშვი თავად არ მოითხოვს. იციან მშობლებმა, რომ თხოვნა არბილებს და აკეთილშობილებს ბავშვის გულს, ხდის მას თავმდაბალს, უწყინარს, მორჩილს, მოწყალესა და მადლიერს. ხედავ, რამდენ ზეციურ ნაპერწკალს აღანთებს ლოცვა ადამიანის გულში?!

წავიკითხე, თუ როგორ გაჩერდა ერთი მწირი გზისპირა სახლის წინ. იქ მუშათა შეკრება იყო. უცებ სახლში სიჩუმემ დაისადგურა; მუშებმა ლოცვად მუხლი მოიყარეს, ერთ-ერთი მათგანი გამოვიდა გარეთ და დაიწყო სახლის ირგვლივ სიარული. მწირმა ჰკითხა მას:

რა ხდება სახლში?
ღმერთს ევედრებიან. მე შემრცხვა და გამოვედი.

მწირი მოლოდინში გაირინდა.

შენ ვისღა ელოდები? – ჰკითხა მუშამ.
ველოდები ვინმეს გამოსვლას, რომ გზა ვკითხო.
მე რად არ მეკითხები? მე გაჩვენებ გზას.

მწირმა თავი გაიქნია და უპასუხა:

როგორ შეუძლია სწორი გზის ჩვენება იმას, ვისაც ღმერთისა და საკუთარი ძმების რცხვენია?

ვფიქრობ, რომ შენ ლოცვის არ გრცხვენია, მაგრამ რწმენა შენი ჯერ არ არის მტკიცე. მოუფრთხილდი, განამტკიცე შენში ეს ჩვილი, ხოლო, როცა ის გაიზრდება და დავაჟკაცდება, ასმაგად მოგიზღავს შენი შრომისთვის.

ვაჟკაცური რწმენა შემოაბრუნებს შენი ბიწიერების შინაგან ბორბალს და ჰპოვებ ახალ ცხოვრებას.

მშვიდობა შენდა და კურთხევა უფლისა შენთანა!

„მისიონერული წერილები“ (წერილი 2), თბილისი, 2005 წ.




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი