მთავარი » საზოგადოება

აბორტი – ერის დიდი ტრაგედია

სტატიის ავტორი: | თარიღი: 18.09.2012 ერთი კომენტარი | 4,465 ნახვა

საშინელი განსაცდელი მოელის ყველას, ვინც აბორტს იკეთებს, აკეთებს ან ამის ნებას იძლევა. სანამ დროა უნდა შეინანონ ცოდვები და განუწყვეტლივ ილოცონ ღვთის წინაშე, რომ ჩვილთ-მკვლელობის ცოდვა მიეტევოთ.

არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე)

აბორტის შესახებ გთავაზობთ ამონარიდებს სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქის, ილია II-ის ეპისტოლეებიდან და ქადაგებებიდან (1979-2012წწ.).

ოჯახის საკითხთან დაკავშირებით მინდა ყურადღება შევაჩერო ჩვენში გავრცელებულ უმძიმეს ცოდვაზე – დედათა მიერ მუცლის მოშლაზე. აბორტი ეკლესია, ღვთის კანონის საფუძველზე დაყრდნობით, ერთხელ კიდევ მოაგონებს ყველას, რომ ეს არის უდიდესი დანაშაული ღვთის, ერისა და თვით სიცოცხლის წინაშე. ყოველი ჩანასახი მისი განვითარების პირველი დღეებიდანვე უკვე ადამიანია: უფალი თავიდანვე ასახლებს უკვდავ სულს მუცლადღებულის ნაყოფში; ამიტომაცაა იგი ისეთივე ძვირფასი და გასაფრთხილებელი, როგორც ნებისმიერი პიროვნება, ამიტომაცაა მისი მოსპობა კაცის მკვლელობის ტოლფასი. ამ ცოდვით დამძიმებული მშობლები მკაცრად დაისჯებიან ღვთისაგან, რადგან მათი ხელები საკუთარი ნებით დახოცილი შვილების სისხლითაა გამთბარი.

ხშირად აბორტს უმნიშვნელო დანაშაულად თვლიან იმის გამო, რომ ამის მოქმედნი მრავლად არიან და მიმბაძველობა დამნაშავეთ პასუხისმგებლობისაგან თითქოს ათავისუფლებს; მიაჩნიათ ისიც, რომ რაკი ბავშვი ჯერ დედის მუცელშია და არ დაბადებულა, ადამიანის გრძნობა და თვისებები არა აქვს, ამასთან იგი აღიქმება, როგორც დედის სხეულში რაღაც მცირე ნაწილი, რომელსაც მშობელი სურვილისამებრ, შეიძლება თავისუფლად მოექცეს. ასეთი ფიქრი უდიდესი შეცდომაა.

ეკლესიის მიერ იმთავითვე აღიარებული ფაქტია და თანამედროვე მედიცინაც მეცნიერულად ამტკიცებს იმას, რომ ადამიანი დამოუკიდებელ არსებობას ჩასახვისთანავე იწყებს და იგი ამ მომენტიდან უკვე პიროვნებაა. აღარაფერს ვამბობთ 7, 10, 12 კვირის ნაყოფზე, რომლის ქმედებანიც ადამიანური თვისებების აშკარა გამოვლინებით ხასიათდება. ამიტომაც არანაირი მნიშვნელობა არა აქვს სამი თვის (უფრო მეტის, თუ უფრო ნაკლების) მუცელში მყოფ ყრმას მოკლავს დედა, თუ უკვე გაჩენილ სამი თვის (გინდაც 10, 20, 30 წლის) შვილს. რატომ არის ნებადართული და ჩვეულებრივ მოვლენად მიღებული პირველი ფაქტი, მეორე კი დიდ დანაშაულად მიჩნეული და საერო სამართლის სასჯელს დაქვემდებარებული? ეს ხომ ანომალიაა.

ტექნიკის განვითარებამ შესაძლებელი გახადა თანამედროვე ამერიკელი მეცნიერის ბერნარდ ნათანსონის მიერ გადაღებული ფილმის (“უხმო ყვირილი”) საშუალებით ჩვენი თვალით დაგვენახა და გვეგრძნო, ის შემაძრწუნებელი შიში და ტკივილი, რასაც სიკვდილის მოლოდინში მუცელში მყოფი ყოვლად უმწეო ნაყოფი განიცდის. რა შეედრება იმ ცოდვის სიმძიმეს, როცა ესა თუ ის პიროვნება საკუთარი შვილის უმოწყალო მკვლელი ხდება; აბორტის გამო პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც დედას, ისე მამას (თუ ეს მისი თანხმობითაც მოხდა). ჩვენი საზოგადოება სავსეა შვილისმკვლელი მშობლებით და ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ მათ ცოდვის შესატყვისი განცდა არა აქვთ.

ყველა ჩვენგანს უნდა ახსოვდეს, რომ აბორტი უდიდესი ცოდვაა ღვთის წინაშე და დანაშაული ერის წინაშე. ეს არის მკვლელობა ცოცხალი ადამიანისა, საკუთარი ვაჟისა და ქალისა, რომელიც ველურ მხეცებსაც კი არ ახასიათებს.
მეექვსე მსოფლიო კრების 77-ე მუხლი პირდაპირ ამბობს, რომ ადამიანი ჩამდენი ამ მძიმე ცოდვისა, როგორც კაცის მკვლელი ისე უნდა დაისაჯოს.

თვითონ განსაჯეთ, ჩანასახშივე რომ მოეკლათ და არ დაბადებულიყო შოთა რუსთაველი, დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, ილია ჭავჭავაძე, ვაჟა-ფშაველა, კათოლიკოს-პატრიარქნი: კირიონი, კალისტრატე და სხვანი, რა იქნებოდა ჩვენი ენა, ისტორია, კულტურა და საერთოდ სულიერი სახე საქართველოსი. შეიძლება ბავშვს, რომლის მოკვლაც მშობლებმა გადაწყვიტეს, ელოდა მომავალი უდიდესი მეცნიერისა, პოეტისა ან წმიდანისა. შესაძლოა ის ერთ-ერთი იმათგანი ყოფილიყო, ვისაც ჩვენი ერის დიდებასა და სიამაყეს უწოდებენ.

ბავშვები მომავალია ჩვენი ერისა, მატარებელი მისი სულიერი და კულტურული ფასეულობებისა, ერისა, რომელსაც დიდი ქრისტიანული ტრადიციები და ისტორია აქვს. მაგალითისათვის მინდა მოვიტანო სტატისტიკური მონაცემები: შუა აზიის ოთხი რესპუბლიკა, სადაც ცხოვრობს შედარებით ცოტა – 8,4 პროცენტი საბჭოთა კავშირის მოსახლეობისა, მთელ სახელმწიფოს ახლშობილთა ერთ მესამედს აძლევს.

ამასთან მოკავშირე რესპუბლიკებს შორის საქართველოს ერთ-ერთი უკანასკნელი ადგილი უჭირავს.

ეს ფაქტი სამწუხაროა და დასაფიქრებელი, განსაკუთრებით იმათთვის, რომლებიც ამ მძიმე დანაშაულს ჩადიან.

სამწუხაროდ, ხშირად გვხვდებიან სარგებლის მაძიებელი, მერყევი ხასიათის, პატივმოყვარე, გართობას აყოლილი დედები, გვხვდებიან ისეთნიც, რომელნიც გაურბიან თავის მოვალეობას, უზრუნველი ყოფის შენარჩუნების მიზნით საშინელ დანაშაულსაც არ ერიდებიან და მეუღლის ნებართვით ან მისი ნების საწინააღმდეგოდ უდროოდ უსპობენ სიცოცხლეს ნაყოფს. იმას კი ივიწყებენ, რომ ეს არის ნამდვილი მკვლელობა, მკვლელობა საკუთარი ვაჟისა ან გოგონასი; რა მნიშვნელობა აქვს, რა ხნის იქნება იგი, ახლადჩასახული თუ 20-30 წლის ასაკისა?

ბავშვები ხელს შეგვიშლიან, არა გვაქვს საშუალება მათი რჩენისა, ზედმეტი პრობლემები შემექმნება, მინდა ცხოვრებისაგან მეტი სიამოვნება მივიღო – აი მიზეზები, რომლებიც განაპირობებს აბორტის გაკეთებას. მაგრამ სიამოვნების ნაცვლად ამ ცოდვის ჩამდენ მეუღლეთა ცხოვრება თანდათან წამებად იქცევა: შვილები მშობლებს აღარ ემორჩილებიან, ბავშვები ავადმყოფები ჩნდებიან, თვითონ დედ-მამას კი სხვადასხვა დაავადება ახსენებს თავს, გულგრილი ხდება მათი ურთიერთობაც და ღალატი ცხოვრების წესად ექცევათ. ან კი როგორ შეიძლება მშვიდობა და კეთილდღეობა იქნას მოპოვებული ასეთი საშინელი ცოდვის საფასურად.

ნუ ჩაიდენთ შვილის მკვლელობის საშინელ ცოდვას, – აბორტს. ერის დიდი ტრაგედიაა, რომ თითქმის ყველა ოჯახში, მშობლების ნებით, უმოწყალოდ მოსპობილ მუცლადღებულ ყრმათა სისხლია დაღვრილი და მისი ნაკადი კვლავაც შეუჩერებლად მოედინება. ადამიანებს გონება და გული აქვთ დახშული იმისათვის, რათა გააცნობიერონ, რას ჩადიან; ცხოველიც კი არ არის ასეთი გულგრილი თავისი ნაშიერისადმი.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით საქართველოში აბორტების სტატისტიკა ამგვარად გამოიყურება:

აბორტი

თუმცა, ეს სტატისტიკა პირობითია და მისი რიცხვი შეიძლება გაცილებით დიდიც იყოს, რადგან აბორტი ხშირად არასამედიცინო ადგილებში კეთდება და მისი აღრიცხვა არ ხდება…

მოამზადა თეონა ნოზაძემ


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

  • MANANA says:

    ამ ცოდვით საქართველოს ქალთა 80 პროცენტია ცოდვილი…საუბედუროდ.ძალიან გთხოვთ ეკლესიამ დაგვეხმაროს მიგვითითოთ ლოცვები დაგვიწესოთ სასჯელი…და მოგვანანიებიეთ…აღსარებაში თქმისას მოძღვარმა გვითხრა მიუტევებელი ცოდვააო…გულით ვჯავრობ,თუა გზა ხსნის გვიშველეთ მონანულთ,რომ სინანულით,ლოცვით ეპიტამიით გამოგვახსნევინოთ ცოდვილი სულები….

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი