მთავარი » სხვადასხვა

9 მაისი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 09.05.2017 ერთი კომენტარი | 15,544 ნახვა

ფაშიზმზე გამარჯვების 72-ე წლისთავი

9 მაისს რუსეთსა და პოსტსაბჭოთა სივრცის ზოგიერთ სახელმწიფოში დიდ სამამულო ომში ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების დღე აღინიშნება.

9 მაისი 1945 წლის 9 მაისს მოსკოვში, წითელ მოედანზე გაიმართა ამ დიდი გამარჯვების აღსანიშნავი სამხედრო აღლუმი და 9 მაისი დღესასწაულად გამოცხადდა.

შეგახსენებთ, რომ მეორე მსოფლიო ომში პროცენტულად ყველაზე მეტი ქართველი დაიღუპა.

გთავაზობთ ამონარიდს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ეპისტოლედან “II მსოფლიო ომში გამარჯვების 40 წლისთავის გამო.”

:რუსეთთან შეერთების შემდგომ შედარებით მშვიდობიანი ცხოვრებით ცხოვრობდა ქართველი ხალხი. ქვეყანას აღარ განუცდია მნიშვნელოვანი ნგრევა და მტრის თარეში. თითქოს მიივიწყა კიდეც ხალხმა ჩვენმა ქნევა ხმლისა და მახვილისა და სწორედ მაშინ, როცა არსაიდან იყო მოსალოდნელი საფრთხე, ფაშისტური გერმანია მოულოდნელად შემოიჭრა ჩვენს ქვეყანაში, დაიწყო დიდი სამამულო ომი.

ქართველ ხალხს ამჯერადაც არ უღალატია მამა-პაპათა ანდერძისათვის და ქუდზე კაცი გამოიყვანა ქვეყნის გადარჩენისათვის. 700 ათასი ქართველი, რომელთა შორის 16 ათასი მანდილოსანი იყო, ჩადგა მებრძოლთა რიგებში. მაგალითად, “17 ძმა იყო ქართველი კოლმეურნე აბესაძის ოჯახში, 14 მათგანი იბრძოდა სამამულო ომის ფრონტზე. შინ დარჩნენ მხოლოდ მცირეწლოვანნი” (გაზ. “პრავდის” 1943 წლის 15 ოქტომბრის მოწინავედან); “7 ვაჟიდან შვიდივე იბრძოდა ფრონტზე ბარბარე ბახტაძის ოჯახიდან” (გვატყობინებდა გაზ. “სამშობლოს დამცველი” თავის 1944 წლის 23 ნოემბრის ნომერში). და ვინ მოთვლის, რამდენმა აბესაძემ და ბახტაძემ, რამდენმა ბუხაიძემ და ლესელიძემ გააცისკროვნა ქართველი ხალხის დიდებითა და გმირობით მოსილი საბრძოლო ისტორია?! სამამულო ომში ასეულ ათასობით გაგზავნილ მეომართაგან საქართველომ ქვეყანას აღუზარდა 60-ზე მეტი გენერალი და ადმირალი, 23 ათასი ოფიცერი და მეთაური, რომელნიც მამაცურად იბრძოდნენ ხმელეთზე, ზღვასა თუ ჰაერში.

დიდ სამამულო ომში მთელი სიცხადით გამოვლინდა მხურვალე პატრიოტიზმი სამღვდელოებისა და მორწმუნე ერისა. ქართულმა ეკლესიამ, როგორც ყოველთვის, საკუთარ ტკივილად მიიღო ტკივილი ქვეყნისა და ხალხისა. ომის დაწყების პირველი დღეებიდანვე, 24 ივნისს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ სპეციალური წერილით მიმართა სამღვდელოებასა და მრევლს და ამცნო ყველას ჟამი განსაცდელისა. პატრიარქი თავის მოწოდებაში ახსენებდა იმ საშინელებებს, რაც მოყვებოდა ჩვენს მშობლიურ მიწა-წყალზე გერმანელთა შემოსევას. გვახსოვდეს, წერდა უწმიდესი კალისტრატე, რომ “ყოველნი, რომელთა უბრალოთა და უდანაშაულოთა წინააღმდეგ აღიღონ მახვილი, მახვილითა წარწყმდენ… ამ იმედით მტკიცედ ვდგეთ თავისუფლებასა მას, რომლითაც ქრისტემან განგვათავისუფლა ჩუენ და ნუ კუალად უღელსა მას მონებისასა თავს ვიდებთ, აღვიჭურვოთ შეურყეველი რწმენით, რათა ამპარტავანთა შემმუსვრელმა ღმერთმა მოჰსცეს მხედრობას ჩვენსა ძალა, რათა წარდევნოს ჩვენგან ყოველნი მტერნი და მბრძოლნი, და თავდამსხმელთა ზარდასაცემად წარვთქვათ ხმითა დიდითა, ჩვენთანა არს ღმერთი”.

1942 წლის 5 ნოემბერს კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე საბჭოთა ჯარების უმაღლესი მთავარსარდლისადმი გაგზავნილ დეპეშაში შესთხოვდა უფალს ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას, ვერაგი მტრის შემუსრვასა და ქვეყნის საზღვრებიდან მათ განდევნას (გაზ. “კომუნისტი”, 1942 წ. 10 ნოემბერი). უწმიდესი კალისტრატეს მიბაძვით მსგავსი წერილები და მოწოდებანი გამოაქვეყნეს ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ეკლესიისა და რელიგიურ გაერთიანებათა მეთაურებმაც.

ქვეყნისათვის მეტად მძიმე წუთებში, როცა მტერი მოიწევდა წინ, უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ხალხის სულიერ გამხნევებასა და მისთვის გამარჯვების რწმენის განმტკიცებას, რასაც დიდი მონდომებითა და სიყვარულით აკეთებდნენ ქართველი მღვდელმთავარნი, მღვდელნი და რიგითი მორწმუნენი. ქართველ სამღვდელოებას შეურყევლად სწამდა სიბრძნე სახარებისეული, რომ უსამართლოდ მახვილის აღმმართველი თვითონ შეიმუსრებოდა მახვილით.

საერთო, საყოველთაო მოწოდება: “ყველაფერი – ფრონტისათვის, ყველაფერი – გამარჯვებისათვის,” იქცა ურყევ კანონად ყოველი ქართველი მართლმადიდებელი მორწმუნისათვის. მიუხედავად დიდი გაჭირვებისა, შიმშილისა და მწუხარებისა, ქართულმა ეკლესიამ აქტიურად დაიწყო თავდაცვის ფონდის შეგროვება, რითაც თავისი მოკრძალებული წვლილი შეიტანა მტრის დამარცხების საქმეში. ამ შეწირულებათა უმთავრესი მიზანი, როგორც აღნიშნავდა უწმიდესი და უნეტარესი კალისტრატე, იყო სულიერი კავშირის დამყარება ომში წასულთა და შინ დარჩენილთა შორის, რათა პირველნი დარწმუნებულიყვნენ, რომ ისინი დავიწყებულნი არ არიან, ხოლო სამღვდელოებასა და მრევლს ეგრძნო, რომ მათი მცირედი შესაწირი გამარჯვების საქმეს ხმარდება.

ფრონტის დახმარებისათვის ქართულმა ეკლესიამ უმაღლესი მთავარსარდლისაგან მიიღო მრავალი სამადლობელო დეპეშა, ერთ-ერთის შინაარსი ასეთია: „ქ. თბილისი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს. მადლობას გწირავთ საქართველოს საკათალიკოსოს მორწმუნეებსა და სამღვდელოებას წითელ არმიაზე ზრუნვისათვის. მიიღეთ ჩემი სალამი და წითელი არმიის მადლობა. ი. სტალინი“. 1944 წლის 16 მაისის გაზეთ „კომუნისტში“ გამოქვეყნებულ წერილში კვლავ მადლობაა გამოთქმული, რომ საქართველოს საპატრიარქომ სამშობლოს გმირი დამცველებისათვის ძღვნად გაგზავნა 150 ათასი მანეთი და თავდაცვის ფონდში ჩარიცხა 85მ ათასი მანეთი. საერთოდ, ქართულმა ეკლესიამ თავდაცვის ფონდში დიდი შეწირულობანი შეიტანა.

დღეს, როცა ვიგონებთ იმ ქარცეცხლიან წლებს, კიდევ უფრო ცხადი ხდება, თუ რა ძვირად დაუჯდა ჩვენს ხალხს სამამულო ომში გამარჯვება და ქვეყნად მშვიდობის დამკვიდრება. მშვიდობიანი ოთხი ათეული წელი, რომელიც საბჭოთა ხალხმა ევროპის ხალხებთან ერთად განვლო, ჭეშმარიტად დიდი წყალობაა უფალი ღმერთისა. დღეს განსაკუთრებით მშვიდობა საჭიროებს გაფრთხილებას, რათა იგი შთამომავლობასაც შევუნარჩუნოთ. ამ უმნიშვნელოვანეს საქმეს ესწრაფვის დღეს მთელი პროგრესული კაცობრიობა. ამიტომ მშვიდობისათვის ბრძოლა რჩება მნიშვნელოვან ამოცანად, განუყოფელ ნაწილად ჩვენი ეკლესიის მოღვაწეობისა”.

დავით დანელია


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი