მთავარი » საზოგადოება

9 აპრილის ტრაგედია

სტატიის ავტორი: | თარიღი: 08.04.2022 | 923 ნახვა

9 აპრილის ტრაგედია – 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სამხედრო ნაწილების მიერ მშვიდობიანი საპროტესტო აქციის დარბევის შედეგად დატრიალებული მოვლენები, რომლის შედეგადაც 21 მომიტინგე დაიღუპა, დაიჭრა და მოიწამლა ათსობით ადამიანი.

1998 წლის 18 მარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფელ ლიხნში შეკრებილმა აფხაზთა მრავალრიცხოვანმა მიტინგმა საქართველოდან აფხაზეთის გამოყოფის საკითხი დააყენა. ლიხნის ანტიქართული გამოხდომა დაგმო აფხაზეთის ქართველმა მოსახლეობამ. თბილისში, ინტელიგენციის წარმომადგენელთა შეკრებამ რესპუბლიკის ხელმძღვანელობისაგან მომხდარ ფაქტზე სათანადო რეაგირება მოითხოვა, მაგრამ რეაგირება იგვიანებდა.

1998 წლის 4 აპრილს დედაქალაქში მღელვარე მანიფესტაცია დაიწყო. მისი თაოსანი ილია ჭავჭავაძის საზოგადოება იყო. მთავრობის სახლთან გამართული მიტინგი, რომელმაც პერმანენტული ხასიათი მიიღო თავდაპირველად აფხაზურ სეპარატიზმს დაუპირისპირდა, მაგრამ 6 აპრილიდან ძირითადი აქცენტი საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის მოთხოვნაზე გადავიდა. რადიკალური მოთხოვნების მიუხედავად, შეკრება მშვიდობიან ხასიათს ატარებდა. მას დღითიდღე ემატებოდა ხალხი საქართველოს ყველა კუთხიდან. სტუდენტი-ახალგაზრდობის გარდა, აქ მრავლად იყვნენ სკოლის მოსწავლეები, სხვადასხვა წარმოებისა და დაწესებულებათა თანამშრომლები, ინტელიგენციის ათასობით წარმომადგენელი, ცნობილი მეცნიერები, მწერლები, მხატვრები და სხვ.

მიტინგი 5 დღე-ღამე გაგრძელდა. ახალგაზრდობის დიდმა ჯგუფმა შიმშილობა გამოაცხადა. რუსთაველის პროსპექტი გადაიკეტა. დაიწყო საგაფიცვო მოძრაობა.

რესპუბლიკის ხელმძღვანელობა ცდილობდა არ დაეშვა მოვლენათა შემდგომი გამწვავება. ინტელიგენციის საინიციატივო ჯგუფი საინიციატივო ჯგუფის შუამდგომლობით, დათანხმდა საგნობრივ დიალოგს მინტინგის ორგანიზატორებთან, მაგრამ ამ უკანასკნელთ არ მიიღეს შეთავაზებული წინადადება. საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველმა მდივანმა ჯუმბერ პატიაშვილმა ტელევიზიით და რადიოთი მიმართა მანიფესტაციის მონაწილეებს, ქვეყნის მოსახლეობას, მოუწოდა სიმშვიდისა და ზომიერებისკენ., თუმცა უშედეგოდ.

მოძრაობის მასობრიობამ შეაშფოთ რესპუბლიკის მესვეურები. ვითარების ნორმალიზაციის მიზნით მიღებულ იქნა საგანგებო ზომები. სკკპ ცენტრალური კომიტეტის პოლიდბიუროს მითითებით საქართველოში შინაგანი ჯარისა და საბჭოთ არმიის დამატებითი ქვედანაყოფები შემოიყვანეს.

8 აპრილს საქართველოს პარტიულმა აქტივმა მოიწონა გადაწყვეტილება მიტინგის სამხედრო ძალით აღკვეთის თაობაზე (საწინააღმდეგო აზრი შეკრების მხოლოდ ორმა მონაწილემ გამოთქვა). მომიტინგეთა დასაშინებლად იმავე დღეს ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში ტანკი გაატარეს, ხოლო თბილისის ცაზე სამხედრო ვერტმფრენები გამოჩნდნენ. ამას საპირისპირო შედეგი მოჰყვა. მიტინგის მონაწილეთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

მიტინგის აღკვეთის ოპერაციას ხელმძღვანელობა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდალს გენერალ ი. როდიონოვს დაევალა.

8-9 აპრილის ღამეს მთვრობის სახლის წინ 10 ათასამდე ადამიანი იყო შეკრებილი. მიტინგი ტელევიზიის შენობასთანაც იმართებოდა. მანიფესტაციის დარბევის საფრთხე რეალური იყო, მაგრამ შიშს არავინ გრძნობდა. ტრაგედიამდე მცირე ხნით ადრე მთვრობის სახლთან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II მივიდა. საშიშროების თავიდან ასაცილებლად პატრიარქმა ურჩია შეკრებილთ, გადაენაცვლებინათ პროსპექტის მეორე მხარეს მდგარ ქაშუეთის ეკლესიაში და იქ ელოცათ. მიტინგის ხელმძღვანელებმა ერის სულიერი მოძღვრის რჩევა არ შეისმინეს.

გამთენიისას თბილისში საგანგებოდ შემოყვანილმა სადესანტო შენაერთებმა ალყაში მოაქციეს მანიფესტანტები. მათ ოფიციალურად მიტინგის დაშლა და მთავრობის სახლის წინამოედნის გათავისუფლება ჰქონდათ დავალებული, პრაქტიკულად კი სამხედროებმა ხალხს სისხლიანი კალო მოუწყვეს: სასანგრე ნიჩბებისა და მოწამლული გაზის გამოყენებით დაარბიეს მშვიდობიანი აქციის მონაწილენი. ულმობელი ანგარიშსწორებისას დაიღუპა 21, დაიჭრა და მოიწამლა ათსობით ადამიანი. მიტინგის ორგანიზატორები ზ. გამსახურდია, მ. კოსტავა, ი. წერეთელი, გ. ჭანტურია და სხვ. დააპატიმრეს. თბილისში კომენდანტის საათი გამოცხადდა.

იმპერიის მესვეურთა ჩანაფიქრი – დაშინების გზით შეეჩერებინათ საქართველოს ეროვნული თვისუფლებისკენ მისწრაფება, შედეგი ვერ გამოიღო. ქართველი ხალხის წუხილის, პროტესტისა და იმედის გამოხატულებად იქცა კომპოზიტორ ჯემალ სეფიაშვილის სიმღერა „ტიტები“, რომელიც ტრაგედიის მომდევნო დღებში ქართული ესტრადის თითქმის ყველა თვალსაჩინო წარმომადგენლის მონაწილეობით შესრულდა და ტელევიზით გავრცელდა.

ოფიციალური ინფორმაციით, დედაქალაქის ქუჩებში 10 აპრილის დილიდან კვლავ იწყებოდა ახალგაზრდობის შეკრებები, რომლებიც გამოხატავდნენ შეურიგებლობას ძალადობის წინაარმდეგ, მიტინგები გაიმართა რუსთავში, ქუთისსში, სოხუმში, დუშეთში და სხვ.

რესპუბლიკის ხელმძღვანელობა შეეცადა ბრალი მომხდარის გამო თავიდან აეცილებინა და პასუხისმგებლობა „უპირველესად და უმთვრესად“ არაფორმალურ გაერთიანებათა ლიდერებს დააკისრა, მაგრამ საზოგადოების მოთხოვნით დაპატიმრებულები მალევე გაათავისუფლეს. რამდენიმე დღეში გაუქმებულ იქნა კომენდანტის საათიც.

9 აპრილის ტრაგედიამ არაერთმნიშვნელოვანი, მაგრამ ფართო გამოხმაურება ჰპოვა საერთაშორისო მასშტაბით. მსოფლიოს თითმის ყველა ქვეყნის საინფორმაციო საშუალებებმა გააშუქეს საქართველოში მომხდარი სისხლისღვრის ამბევი. პროგრესულმა საზოგადოებამ, მათ შორის რუსეთში, დაგმო ეს მიუტევებელი დანაშული. აპრილის მოვლენების შესასწავლად შეიქმნა საქართველოსა და სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოების სპეციალური კომისიები, ჩატარდა ჟურნალისტური გამოძიება და სხვ.

1989 წლის დეკემბერში საბჭოთ კავშირის სახალხო დეპუტატთა მეორე ყრილობამ მოისმინა საკავშირო კომისიის თავმჯდომარის ა. სობჩაკის მოხსენება 9 აპრილის შესახებ. რეაქციული ბანაკი შეეცადა გაემართლებინა სამხედროები და დანაშაული დემონსტრანტებისათვის გადაებრალებინა, მაგრამ ამაოდ. ყრილობამ საგანგებო დადგენილებით დაგმო თბილისში მშვიდობიანი მანიფესტაციის წინააღმდეგ ძალის გამოყენება, თუმცა ამ ფაქტის გამო არავინ დაუსჯიათ.

თბილისში დატრიალებულმა ტრაგედიამ საქართველოში კომუნისტური რეჟიმის საბოლოო გაკოტრება გამოიწვია. ცვლილებას რესპუბლიკის პარტიულ ხელმძღვანელობაში (ჯუმბერ პატიაშვილის ნაცვლად გივი გუმბარიძის არჩევა) მდგომარეობის გამოსწორება აღრ შეეძლო. რიგითი წევრები მასობრივად ზურგს აქცევდნენ კომპარტიას და დემონსტრაციულად ტოვებდნენ მის რიგებს.

9 აპრილმა ქართველობა უფრო მტკიცედ შეამჭიდროვა ეროვნული სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში. ამ დღეს დაღუპულები ეროვნულ გმირებად შერაცხეს.

დაღუპულთა სია:

აზა ადამია,
ნათია ბაშალეიშვილი,
ეკა ბეჟანიშვილი,
ნატო გიორგაძე,
თამუნა დოლიძე,
თინა ენუქიძე,
ნინო თოიძე,
ზაირა კიკვიძე,
მანანა ლოლაძე,
თამარ მამულიშვილი,
ვენერა მეტრეველი
მამუკა ნოზაძე,
ნანა სამარგულიანი,
შალვა ქვასროლიაშვილი,
მარინა ჭყონია-სამარგულიანი,
ელისო ჭიპაშვილი,
თამარ ჭოველიძე,
ნოდარ ჯანგირაშვილი,
მზია ჯინჭარაძე,
მანანა მელქაძე,
გია ქარსელაძე. 

წყარო: http://www.nplg.gov.ge




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი