შვიდგზის ლოცვა – „შვიდ გზის დღესა შინა გაქებდე შენ“
„შჳდგზის დღესა შინა გაქებდე შენ…“
(ფსალმ. 118, 164)
უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „ითხოვდით, და მოგეცეს თქუენ; ეძიებდით, და ჰპოვოთ; ირეკდით, და განგეღოს თქუენ. რამეთუ ყოველი რომელი ითხოვდეს, მოიღოს; და რომელი ეძიებდეს, პოვოს; და რომელი ირეკდეს, განეღოს“ (მათ. 7, 7-8).

ფსალმუნში ასევე ვკითხულობთ: „შჳდგზის დღესა შინა გაქებდე შენ [უფალო]…“ (ფსალმ. 118, 164), ე.ი. დღეში 7-ჯერ ლოცულობდა ძველი აღთქმის ყოველი მორწმუნე ადამიანი.
ბიბლიიდან ვიცით, რომ 7 რიცხვს აქვს დიდი სულიერი და ღვთიური ძალა. ამიტომაც ჩვენი წინაპრები დღე-ღამის განმავლობაში 7-ჯერ ლოცულობდნენ ღვთის წინაშე და უფალიც უსმენდა და შეეწეოდა მათ.
ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ მამა-პაპათა ამ წესს და დღე-ღამის განმავლობაში ქვემოთ მითითებულ საათებში დღეში 7-ჯერ უნდა აღვავლინოთ ვედრება უფლისადმი, რომ ღმერთმა მოგვანიჭოს ჩვენ და ჩვენს ერს წყალობა, მშვიდობა, ბარაქა, სიყვარული, სიხარული, სიბრძნე, ჯანმრთელობა, ოჯახის სიმტკიცე, მრავალშვილიანობა, ჭეშმარიტი მართლმადიდებელი სარწმუნოების მადლი; მოგვცეს გრძნობა სინანულისა, თავმდაბლობისა, ცოდვათა მიტევებისა, და მოწყალებისა, რაც ყოვლად აუცილებელია მორწმუნე ქრისტიანისათვის.
შვიდგზის ლოცვები სრულდება: დილის 6 საათზე, დილის 9 საათზე, შუადღის 12 საათზე, დღის 3 საათზე, საღამოს 6 საათზე, საღამოს 9 საათზე, შუაღამის 12 საათზე.
ეს მადლიანი ლოცვა-სავედრებელი აუცილებლად უნდა წაიკითხოს ყოველმა ჭეშმარიტმა მართლმადიდებელმა ქრისტიანმა, იმ ლოცვების გარდა, რომელსაც ის ყოველდღიურად ასრულებს, რათა არ დარჩეს ერთობლივი ლოცვის და ღვთის წყალობის გარეშე.
წყარო: წიგნი “ეკლესიის საუნჯე”
შემდგენელი: დავით შონვაძე
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.