მთავარი » ქრისტიანობა

28 ნოემბერი – შობის მარხვის დასაწყისი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 27.11.2017 | 7,295 ნახვა

მარხვა არის დედა სიწმინდისა, მით, რომ იგი აღვირს უსხამს ყოველთა შინაგანთა, უწმინდურთა გულის თქმათა და ვნებათა, რომელნიცა არიან წყარონი და მიზეზნი თვით უწმინდურთა საქმეთა კაცთათა.

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)

28 ნოემბრიდან შობის მარხვა იწყება, რომელიც საეკლესიო კალენრის თანახმად ორმოცდღიან პერიოდს მოიცავს და 7 იანვარს, უფლის შობის დღეს დასრულდება.

საშობაო მარხვა მორწმუნეებს შობის დღესასწაულისთვის ამზადებს, რათა ისინი სინანულით, ლოცვითა და მარხვით განწმენდილნი მიეახლონ ამ ქვეყნად დაბადებულ ძე ღვთისას.

სანთელი

საშობაო მარხვა დიდმარხვასთან შედარებით მსუბუქია. 25 დეკემბრამდე მორწმუნეებს, ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა, კვირის სხვა დღეებში თევზის მიღება შეეძლებათ. 25 დეკემბრიდან 7 იანვრამდე კი მარხვა ჩვეულებრივ გაგრძელდება. საერთოდ, მარხვის სიმკაცრე და სიმსუბუქე დამოკიდებულია სულიერი მოძღვრის ლოცვა-კურთხევაზე.

შობის მარხვის შესახებ ცნობები ეკლესიის ისტორიაში მე-4 საუკუნეში ჩნდება და სათავეს უძველესი დროიდან იღებს.

ლეონ დიდის სიტყვებით, საშობაო მარხვა არის უფლისადმი გაღებული მსხვერპლი წლის განმავლობაში მოწეული ნაყოფისათვის. “როგორც უფალმა უხვად მოგვმადლა მიწიერი ნაყოფი, – წერს წმიდანი, – ასევე ამ მარხვის განმავლობაში ჩვენც გულუხვნი და მოწყალენი უნდა ვიყოთ გლახაკთა მიმართ”.

წმიდა სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე, სულიწმიდის მადლით ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისგან, უდიდესი თავმდაბლობის ნიშნად, ბეთლემში, გამოქვაბულში იშვა, სადაც მწყემსები უამინდობისას საქონელს აბინავებდნენ. განკაცებული უფლის შობა იქ მყოფ მწყემსებს უფლის ანგელოზებმა ახარეს. პირველად მათ იხილეს მაცხოვარი. უფრო მოგვიანებით, ბეთლემში აღმოსავლეთიდან მოგვებიც მივიდნენ, რომლებიც იქ უჩვეულოდ მოკაშკაშე ვარსკვლავმა მიიყვანა. მათ ახალშობილ მაცხოვარს ძღვენი მიართვეს: ოქრო, გუნდრუკი და მური. ოქრო – როგორც მეფეს, გუნდრუკი – როგორც ღმერთს და მური – როგორც კაცს, ვინაიდან მურს გარდაცვლილის ცხედრის გასაპატიოსნებლად იყენებდნენ, რათა შენახულიყო იგი.

“კარგია მარხვა. დიდი ფასი აქვს მარხვას, გარნა მაშინ, როდესაც იგი არის ნიშანი შინაგანისა მდგომარეობისა, მონანებისა, გლოვისა, მწუხარებისა; ხოლო თუ მარხვა არის ერთი ოდენ საჭმლისა გამოცვლა, მაშინ მას არა აქვს ფასი,” – წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე).


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"ქრისტე ღმერთი სიბრძნითა და თავმდაბლობით იცნეს"- ბერი გაბრიელი სალოსი.