მთავარი » ქრისტიანობა

მეუფე ანდრია 2016 წელს დაგეგმილ მართლმადიდებელ ეკლესიათა შეკრების შესახებ

სტატიის ავტორი: | თარიღი: 31.03.2014 2 კომენტარი | 6,182 ნახვა

ექვსიდან ცხრა მარტამდე კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოში მართმადიდებლური ეკლესიების წინამძღოლების შეკრება მოეწყო, სადაც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე საქრთველოს ეკლესიის დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა.

როგორც ცნობილია, 2016 წლისათვის მართლმადიდებელ ეკლესიათა დიდი შეკრებაა დაგეგმილი, რომლის მიზანია, საერთაშორისო საზოგადოებას მართლმადიდებელთა ერთობა აჩვენოს. აღნიშნული კრება მოწვეული იქნება მხოლოდ მას შემდეგ, მეუფე ანდრია რაც დღის წესრიგში გამოტანილი ყველა საკითხი განიხილება და სრული კონსენსუსის საფუძველზე გადაწყდება. პატრიარქის თქმით, თუ ყველა თემა არ იქნება შეტანილი მომავალი კრების განსახილველ საკითხთა დღის წესრიგში, საქართველოს ეკლესიას მასში მონაწილეობის მიღება გაუჭიდრება.

რა კითხვები არსებობს, რომელზეც მართლმადიდებელმა ეკლესიამ, შეჯერებული პასუხი უნდა გასცეს, რა საკითხების გადახედვას მოითხოვს ილია მეორე და იქნება თუ არა აფხაზეთის საკითხი დიდ კრებაზე გატანილი? ამ თემის შესახებ „ამბიონს“ გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია ესაუბრა:

მოგეხსენებათ, რომ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში მართლმადიდებლური ეკლესიების წინამძღოლების შეხვედრა მოეწყო. შეკრებაზე საქართველოს კათოლიკოს– პატრიარქი, მისი უწმინდესობა, საქართველოს ეკლესიის დელეგაციასთან ერთად გახლდათ ჩაბრძანებული. მე სამუშაო ჯგუფში ვიყავი, რომელიც ოფიციალურ დელეგაციას თან ახლდა. ჯგუფის წევრებს გვქონდა შესაძლებლობა დავსწრებოდით ყველა იმ შეხვედრას, რომელიც კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წმინდა გიორგის საკათედრო ტაძარში გაიმართა.

შეკრებაზე დასმული საკითხები, უპირველეს ყოვლისა, იმ მოვლენებს ეხებოდა, რომლებიც ყველას გვაწუხებს, ესაა კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში, სირიის კონფლიქტი, ასევე, ქრისტიანთა დევნის ფაქტები აფრიკის კონტინენტზე და დღესდღეობით არსებული მდგომარეობა უკრაინაში. კრებამ დაპირისპირებულ მხარეებსა და განხეთქილებაში მყოფ ეკლესიის ნაწილს უკრაინაში არსებული პრობლემების დიალოგის რეჟიმით გადაწყვეტისკენ მოუწოდა.

კრების დადგენილებაში პირდაპირ ასეა ნათქვამი: 2016 წელს, „თუ ღმერთმა ინება„ მართლმადიდებელ ეკლესიათა დიდი შეკრება მოხდება. ეს საკითხი არ გახლავთ ახალი. 1961 წლიდან, ფაქტობრივად, მართლმადიდებელი ეკლესიების შეხვედრები ხდებოდა, სადაც მიდიოდა მსჯელობა იმ საკითხებზე, რომლებზეც მართლმადიდებლურ სამყაროს პასუხი უნდა გაეცა.

ამჟამად უამრავი შეკითხვები არსებობს, რომლის გარშემოც უნდა ჩამოყალიბდეს არა რომელიმე კერძო ეკლესიის, არამედ მართლმადიდებელ ეკლესიათა შეჯერებული პოზიცია.
სამყაროში მიმდინარე მოვლენები მკვეთრად შეიცვალა და ამჟამად ამ შეხვედრებს ყველა ეკლესია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

ჩვენ ვაღიარებთ შვიდ მსოფლიო საეკლესიო კრებას. აქედან, მეშვიდე ბოლო კრება მერვე საუკუნეში – 787 წელს შედგა. ამის შემდეგ რამდენიმე დიდი კრება ჩატარდა, მაგრამ მათ ადგილობრივი კრებების სახელი მოიპოვეს. ესი ყო პატრიარქ ფოტიუსისა და თესალონიკელ ეპისკოპოსის გრიგოლ პალამას დროინდელი ორი კრება. ამ კრებებმაც იმსჯელეს საჭირბოროტო საკითხებზე, მაგრამ ისინი ისტორიაში შევიდნენ, როგორც ადგილობრივი კრებები.

შეხვედრაზე მისმა უწმინდესობამ ბრძანა, რომ მომავალი შეხვედრა არ იქნება მსოფლიო კრება, იმიტომ რომ, მსოფლიო კრება ყოველთვის დოგმატური საკითხების განსახილველად და მწვალებლობის დასაგმობად ეწყობოდა, ხოლო აღნიშნული შეკრება სულ სხვა საკითხებს განიხილავს. ამიტომ, ეს კრება შეიძლება შეფასდეს, როგორც მართლმადიდებელი ეკლესიების დიდი შეხვედრა.

არაბული დაპყრობითი ომების შემდგომ, თურქები ევრაზიაში შეიჭრნენ, რის შედეგადაც ოტომანის იმპერია შეიქმნა. ეკლესიათა შორის კომუნიკაცია ძალზე გართულებული იყო. ბევრი ეკლესია და მართლმადიდებელი სახელმწიფო ოტომანის იმპერიის მფლობელობაში მოყვა. რა თქმა უნდა, ამან თავისი უარყოფითი შედეგი გამოიღო, დაირღვა არსებული ურთიერთობები, კომუნიკაცია. მხოლოდ XIX-XX საუკუნის ისტორიული რეალობიდან გამომდინარე გახდა შესაძლებელი აღდგენილიყო ურთიერთობები მართლმადიდებელ ეკლესიათა შორის, განსაკუთრებით-XX საუკუნის ბოლოსა და XXI საუკუნის დასაწყისში, რადგან XX საუკუნეში ჯერ კიდევ არსებობდნენ საბჭოთა კავშირისა და სოციალისტური ბანაკის ქვეყნები, რომელთაც დანარჩენ მართლმადიდებელ სამყაროსთან ურთიერთობა შეზღუდული ჰქონდათ.

იყო თუ არა საუბარი იმ 10 საკითხის განხილვის თაობაზე, რომელიც 1968 წელს ჟენევაში ჩამოყალიბდა და რას ეხება ძირითადად ეს საკითხები?

საკითხები, რომლებიც ჟენევაში ჩამოყალიბდა, საბოლოოდ ჯერ კიდევ არაა დამუშავებული. ეს გახლავთ ავტოკეფალია და მისი აღიარების წესი, ავტონომია და მისი აღიარების წესი, დიპტიხის საკითხი, კალენდარიული საკითხი, საკითხები რომელიც მარხვის დაცვას, ქორწინებას, ჯვრის წერას და დიასპორას ეხება, ურთიერთობა დანარჩენ ქრისტიანულ დენომინაციებთან და რელიგიებთან.

იქნებ დააკონკრეტოთ, რა კუთხით განიხილება მარხვის, ქორწინების და კალენდარული საკითხები?

ზოგიერთი ეკლესიის წარმომადგენელი თვლის, რომ მარხვის წესი, რომელიც დღესაა მიღებული ეკლესიაში,სამონაზვნო ტრადიციაა და დღევანდელი ერის ადამიანისათვის ასეთი ტიპის მარხვის დაცვა რთულია. ამიტომ, შესაძლოა გარკვეული შემსუბუქება იყოს დაშვებული. მაგალითად, გახსნილდეს თევზით ისეთ მარხვებში, როგორიცაა მიძინების მარხვა, ასევე, სადღესასწაულო დღეებში, დიდმარხვის კვირა დღეებში.

ქორწინებასთან დაკავშირებით საუბარია იმის შესახებ, რომ თანამედროვესამყაროში მართლმადიდებელი ადამიანის არამართლმადიდებელზე შეუღლება ხდება. შესაძლოა ქრისტიანი იყოს, მაგრამ არამართლმადიდებელი, ან არაქრისტიანი. განსახილველია, თუ რა პოზიცია უნდა დაიკავოს ამ შემთხვევაში ეკლესიამ სჯულის კანონის მიხედვით. საქართველოს ეკლესია, და არა მარტო საქართველოს ეკლესია, ამ ტრადიციას იცავს-ჯვრისწერა უცხო აღმსარებლობის ადამიანთან არ ხდება. ზოგიერთი ეკლესიის შეხედულებით, რომლებიც ძირითადად XVII, XVIII, XIX საუკუნეებში ჩამოყალიბდა, ჯვრისწერა შეიძლება შედგეს მართლმადიდებელსა და არამართლმადიდებელს შორის, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ყველა ეკლესია იმ ტრადიციას მისდევს, რომელიც მისთვის მისაღებია და თავის ტრადიციას მეორე ეკლესიას არ ახვევს, თან ანგარიშს უწევს არსებულ მდგომარეობასაც. არის ეკლესიები, რომლებიც სრულებით უცხო გარემოში არსებობენ. მაგალითად, ანტიოქიის ეკლესია, პოლონეთისა და ჩეხეთის ეკლესიები და სხვა. ამიტომ, მათ თავიანთ ადგილობრივი ტრადიციები გააჩნიათ. სწორედ ასეთ საკითხებზეა საუბარი.

რაც შეეხება კალენდარულ საკითხს, ჩვენთვის ცნობილია, რომ არსებობენ იულიანური და გრიგორიანული კალენდარის მიმდევარი ეკლესიები. გრიგორიანული კალენდარი XVI საუკუნეში გავრცელდა და ახალი კალენდრის სახელითაა ცნობილი. იულიანურ ანუ ძველ კალენდარს, რომელსაც ჩვენ მივდევთ, იერუსალიმის, სერბეთის, რუსეთის ეკლესია და კიდევს სხვა ავტონომიური ეკლესიებიც მიყვებიან.

ყველაზე მთავარი, რაც კრებაზე გადაწყდა, გახლავთ ის, რომ ყველა საკითხი კონსენსუსის პრინციპით უნდა იყოს მიღებული. ზოგიერთი ეკლესიის პოზიცია ძალზე მკაცრი იყო, რომ ის ვერ მიიღებდა მონაწილეობას შემდგომ მსჯელობებში, თუ არ იქნებოდა ეს პრინციპი დაცული.

პატრიარქის თქმით, არის საკითხები, რომლებიც თუ არ გადაიხედა და არ მოხდა შეთანხმება საქართველოს ეკლესიას გაუჭირდება მონაწილეობის მიღება. რას ეხება აღნიშნული საკითხები და იქნება თუ არა აფხაზეთის საკითხი დიდ კრებაზე გატანილი?

მისმა უწმინდესობამ, პირველ რიგში, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საკითხი დააყენა. მინდა გითხრათ, რომ აფხაზეთის საკითხს იგი თითქმის ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის, ყველა ეკლესიის წინამძღოლის წინაშე და ყველა სამთავრობო დონის შეხვედრაზე აყენებს. შესაძლებელი უნდა გახდეს საქართველოს ეკლესიის სამღვდელოების დაბრუნება, უპირველეს ყოვლისა, დაბრუნება იმ მონასტრებისა და მონაზვნებისა, რომლებიც 2008 წელს არიან გამოდევნილნი აფხაზეთიდან, კერძოდ, კოდორის ხეობიდან. აფხაზეთის საკითხი დიდ კრებაზე გატანილი არ იქნება, თუმცა იმდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ გავაჟღერეთ და ყველა ეკლესიამ მოისმინა ჩვენი გულისტკივილი. ასეთივე მდგომარეობა და რთული ვითარება გააჩნია სერბეთის ეკლესიასაც.

სამწუხაროდ, აფხაზეთში უკანონოდ წარმოქმნილმა ე.წ. „აფხაზეთის მიტროპოლიამ“ თავი დამოუკიდებლად გამოაცხადა, რომელსაც ვინმე მღვდელ-მონაზონი დოროთე დბარი ხელმძღვანელობს.

მისმა უწმინდესობამ მკაცრად აღნიშნა იმის შესახებ, რომ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტერიტორიაზე ზოგიერთი ოფიციალური ეკლესიის წარმომადგენელი დაუკითხავად ჩადის და მღვდელმოქმედებას აღასრულებს.

მინდა გითხრათ, რომ მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა, კიდევ ერთხელ, ყველას გასაგონად აღნიშნა, რომ მსოფლიო საპატრიარქო აფხაზეთსა და სამაჩაბლოს, მიიჩნევს საქართველოს ეკლესიის კანონიკურ ნაწილად.

მსჯელობა იქნება დიპტიხის, ავტოკეფალიისა და მისი მიღების წესის საკითხებზეც. საუბარი იყო აღნიშნული საკითხების დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ, რაზეც მისმა უწმინდესობამ თქვა, რომ საქართველოს დელეგაცია ვერ დაეთანხმება ამ საკითხის დღის წესრიგიდან ამოღებას. სურდათ, 10 განსახილველი საკითხიდან რვა საკითხზე შევჩრებულიყავით, მაგრამ პატრიარქმა ბრძანა, განვიხილოთ და გარკვეულ გადაწყვეტილებამდე მივიდეთ ათივე საკითხთან დაკავშირებით. ყველა საკითხი წინასწარ უნდა იყოს შეთანხმებული, შეჯერებული და ამის შემდგომ მოხდეს მათი გაჟღერება იმ დიდ კრებაზე, რომელიც, თუ ღმერთმა ინება, 2016 წელს მოეწყობა.

1963 წელს მისმა უწმინდესობამ როდოსის შეკრება სწორედ იმიტომ დატოვა, რომ იქ საქართველოს ეკლესია წარმოდგენილი იყო, როგორც ავტონომიური ეკლესია და არა როგორც ავტოკეფალური. უწმინდესი 50 წელზე მეტია აყენებს საქართველოს ეკლესიისთვის შესაბამისი ადგილის დაბრუნების საკითხს მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიათა დიპტიხში. რთულია საუბარი, საბოლოო შედეგი როგორი იქნება.

განსახილველია ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა -მართლმადიდებლობა და ეკუმენიზმი და მართლმადიდებლობა და დანარჩენი ქრისტიანული სამყარო. ამ საკითხში საქართველოს ეკლესიას აქვს ძალზე მკაფიო პოზიცია, ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს ურთიერთობა როგორც ქრისტიანულ, ასევე არაქრისტიანულ სამყაროსთან. ჩვენს ირგვლივ ცხოვრობენ როგორც სხვა კონფესიის, ასევე სხვა რელიგიის წარმომადგენლები, პატივს მივაგებთ მათ რელიგიასა და მათ აღმსარებლობას. ისინი არიან ჩვენი კეთილი მეზობლები, მეგობრები, მაგრამ საკითხი თანა ლოცვისა და თანამწირველობისა საქართველოს ეკლესიის დღის წესრიგში არ დგას. ზოგჯერ გაისმის მოსაზრება, თითქოს ქართულ ეკლესიაში ვინმე ეკუმენისტური მოძრაობის მოტრფიალე ან ეკლესიაში დამკვიდრებული ტრადიციების შემსუბუქების მოსურნეა. მინდა გითხრათ,რომ სადღეისოდ საქართველოს ეკლესიაში, ღვთის წყალობით, ამგვარი საკითხები არც განიხილება. არის წესი და ტრადიცია, რომელსაც ჩვენ საუკუნეების მანძილზე მივსდევთ და არც ვაპირებთ გადახვევას.

ქეთი ჭელიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

2 კომენტარი »

  • Георги says:

    Уцминдесис да унетаресис, чвени патриаркис Илиа меорис чанапикрс, гмертис да мартмадидебули сулис дзалит ветанхмеби; иги чвени картвелобис да чвени сулискветебис уцминдеси мама!

  • ნათლლობა ერთად ერთი წესმარიტი 3გზის შტაფვლით ურყვეთ და პაპისტურ გადასხმით ნათლავთრაც მწვალებლურია და სხვა მრავალი კანონი და დოგმატიგაქთ დარღვეული დღემდე 30 იან წლებიდან, ეს უნდა გამოასწოროთდაუნდ დაგმოთ სერგიანობა, და უნდა დაგმოთ როვოლუციური მოზალადე მთავრობები

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი