მთავარი » ქრისტიანობა

20 თებერვალი წმ. მეფის სოლომონ II-ის ხსენების დღეა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 20.02.2023 | 4,315 ნახვა

სოლომონ II (გამეფებადმე დავითი) დაიბადა 1772 წელს.
მამამისი იმერეთის მეფის სოლომონ I-ის ძმა იყო. დედა – ელენე კი – ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე II-ის ასული. უმემკვიდროდ დარჩენილმა იმერეთის მეფე სოლომონ I-მა ღვთის განგებით სიცოცხლეშივე უანდერძა ტახტი დავით არჩილის ძეს.

solomon IIდავითი იზრდებოდა როგორც მომავალი მეფე, სარწმუნოებისა და სამშობლოსათვის თავგანწირვის მაძიებელი და თავისუფლებისთვის მებრძოლი.

თორმეტი წლის იყო, როდესაც იმერეთის მეფე სოლომონ I გარდაიცვალა. მეფის ანდერძის საწინააღმდეგოდ იმერეთის გავლენიანმა ფეოდალებმა მცირეწლოვანი დავით არჩილის ძის ნაცვლად ტახტზე დავით გიორგის ძე (მეფე დავით II) აიყვანეს. გარდაცვლილი მეფის ანდერძის უგულებელყოფამ მღელვარება გამოიწვია ხალხში. ახალი მეფის პოლიტიკით უკმაყოფილო თავადები ცდილობდნენ სოლომონ I-ის ანდერძისამებრ იმერეთის სამეფო ტახტზე დავით არჩილის ძე დაესვათ. სამწუხაროდ, ეს სასიკეთო მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა.

1790 წელს მათხოჯთან გამართულ ბრძოლაში მეფე დავით II დამარცხდა და ტახტზე ავიდა დავით არჩილის ძე – წმიდა მეფე სოლომონ II.

მეფემ აქტიურად დაიწყო ქვეყნის გაერთიანებისთვის ბრძოლა. მან ცოლად შეირთო ოდიშის მთავრის – გრიგოლ დადიანისა და მარიამ კაცის ასული. მის სამეფოში შედიოდა გურიის სამთავრო და ქართლ-კახეთის სამეფოსთან სისხლით ნათესაობა აკავშირებდა.

წმიდა სოლომონ II-ის მოძღვარი გახლდათ წმიდა ილარიონ ყანჩაველი. მათმა სულიერმა კავშირმა და ერთნაირმა სახელმწიფოებრივმა მსოფლმხედველობამ განაპირობა სამეფოში ბევრი სასიკეთო ცვლილება. სარწმუნოებრივი და სახელმწიფოებრივი აზროვნების განვითარებისა და განმტკიცების მიზნით მეფემ გააძლიერა ეკლესია და დააწინაურა ღირსეული ადამიანები. მეფე სოლომონ II საკუთარი მამულებით აჯილდოვებდა ქვეყნის ერთგულ თავადებს.

ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთთან შეერთების შემდეგ რუსეთის მთავრობა ყოველნაირად ცდილობდა იმერეთის სამეფოს მიერთებასაც. გამჭრიახი და შორსმჭვრეტელი წმიდა სოლომონი კარგად ხედავდა, რომ ქვეყნის განთავისუფლებისა და გაერთიანების იდეა ნელ-ნელა იმსხვრეოდა ისტორიულ სინამდივლესთან შეჯახებით. სოლომონი ძალ–ღონეს არ იშურებდა, რომ თავისუფლება შეენარჩუნებინა იმერეთის სამეფოსთვის, წმიდანის პოლიტიკური ლავირებები რუსეთსა და ოსმალეთს შორის წარუმატებლად დამთავრდა. რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე I–ის ბრძანებით, 1810 წლის 20 თებერვალს წმიდა სოლომონ II ტახტიდან ჩამოაგდეს და იმერეთში რუსეთის მმართველობა გამოცხადდა.
წმიდა სოლომონ II მოტყუებით შეიპყრეს და თბილისში ჩაიყვანეს, მაგრამ მეფემ მოახერხა გაქცევა და ახალციხის საფაშოს შეაფარა თავი, საიდანაც ხელმძღვანელობდა ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას.

1810 წლის იმერეთის აჯანყება რუსეთის მთავრობამ კვლავ სისხლში ჩაახშო და წმიდა სოლომონ II-მ კვლავ ახალციხეს შეაფარა თავი, საიდანაც ოსმალეთში გადავიდა. წმიდა სოლომონი შვიდი წელი ცხოვრობდა ქალაქ აზმურში, შემდეგ კი ტრაპიზონში გადავიდა, სადაც პატივით მიიღო იქაურმა ფაშამ, წარმოშობით ქართველმა თავადმა.

შემორჩენილია სოლომონ II-ის მიერ ტრაპიზონის ბერძნული ეკლესიისადმი შეწირული ოქროთი მოჭედილი ბერძნული სახარება წარწერით: “შეიწირე წმიდა გიორგი აქა მდებარე სრულად იმერთა მეფე ძე ქართლისა მეორე სოლომონის მიერ წმ. ესე სახარება”, მეორე გვერდზე მოხსენიებულია მეფის მოძღვარი – იესე ყანჩაველი (წმ. ილარიონ ქართველი). ემიგრაციაში ყოფნის დროს წმიდა სოლომონ II დაუცხრომლად იბრძოდა ქვეყნის განთავისუფლებისთვის, რომელსაც, რა თქმა უნდა, ამქვეყნად ვერ მოესწრო. გარდაიცვალა ტრაპიზონში 1815 წლის 7(20) თებერვალს. დაკრძალეს ბერძენთა ეკლესიის გალავანში.

წმიდა სოლომონ II–ის კანონიზაცია მოხდა 2005 წლის 27 ივლისს საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის მიერ, მანამდე კი წმიდა სოლომონ II-ის ნეშტი ტრაპიზონიდან გადმოასვენეს და დაკრძალეს გელათის მონასტერში.

სოლომონ II საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მიერ შერაცხულია წმიდანად, როგორც სამშობლოსათვის თავდადებული.
ხსენების დღე -ძვ. სტ. 7თებერვალი, ახ. სტ. – 20 თებერვალი

ქეთი ჭელიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი