მთავარი » კულტურა

მე-18 საუკუნის უნიკალური ხელნაწერი აღდგენილია

სტატიის ავტორი: | თარიღი: 11.10.2011 | 3,302 ნახვა

ხელნაწერი “ეფრემ ასური და ლავსაიკონი” არქივში 1923 წელს შიომღვიმის მონასტრიდან შემოვიდა. ეფრემ ასური ხელნაწერიჰქონდა ტყავგადაკრული ტვიფრული ხის ყდა, რომელიც დაშლილი და გატეხილი იყო, ასევე ძლიერ გახლდათ დაზიანებული ფურცლები. დღეს წიგნი აღდგენილია. მის რესტავრაციას წელიწადზე მეტი დასჭირდა.

“ლავსაიკონი” უდაბნოში მოღვაწე წმ. მამათა ცხოვრების აღწერას ნიშნავს. ხელნაწერი სამი ნაწილისგან შედგება: ორი ნაწილი ეფრემ ასურს ეკუთვნის. ესაა მისი სწავლებანი, ქადაგებანი და ჰომილიები (სასულიერო მწერლობის ერთ-ერთი ჟანრი, საეკლესიო მოძღვრება – ზეპირსიტყვიერება ქადაგებათა), რომელთაც თავის დროზე იწერდა ეფრემი, აგროვებდა და შემდეგ წიგნადაც შეკრა.

მაია ბარათაშვილი(რესტავრატორი): “საისტორიო არქივიდან სარესტავრაციოდ 18-ე საუკუნის ხელნაწერი წიგნი “ეფრემ ასური და ლავსაიკონი“ შემოვიდა. ხელნაწერი ძალიან იყო დაზიანებული. ჰქონდა ობი, სოკო… ჩაუტარდა სადეზინფექციო სამუშაოები, გაიწმინდა მშრალი და სველი წესით, სათითაო ფურცელს გაუკეთდა რესტავრაცია და კონსერვაცია, შეიკერა, აიკინძა და ჩაისვა პირვანდელის მსგავს ახალ ტყავის ყდაში. წიგნი იწონის 9 კილოგრამს და 222 ფურცლისაგან შედგება. სარესტავრაციო სამუშაოები თითქმის ერთი წელი გაგრძელდა”.

მანანა ჭუმბურიძე (ეროვნული არქივის ძველ საბუთთა განყოფილების უფროსი): “მეთვრამეტე საუკუნის ხელნაწერი ძალიან დიდი ფორმატისაა. მისი სიგრძე თითქმის ნახევარი მეტრია, სიგანე – 37 სმ. სიდიდის გამო ხელნაწერის დამუშავება ძნელი იყო. სათითაო ფურცელს გაუკეთდა დეზინფექცია, დამუშავდა, ლაქებისაგან გაიწმინდა, სადაც საჭირო იყო, შეივსო დამცავი ქაღალდით. ყდის ტყავი იმდენად დაზიანებული გახლდათ, რომ რესტავრაცია ვერ ჩაუტარდა, რადგან ხელის შეხებით იშლებოდა, ამიტომ ხელნაწერის ყდა მთლიანად გამოიცვალა, როგორც ხე, ისე ტყავი. აღსანიშნავია, რომ ტყავს, რადგანაც 18-ე საუკუნის ხელნაწერისა იყო, გაუკეთდა ცალკე კონვერტი და ჩაიდო მასში. შემდგომში კი ხელნაწერთან ერთად დაიდება.

რესტავრაცია წელიწადზე მეტ ხანს გაგრძელდა. ყველა ფურცელი დაზიანებული იყო და თითოეულს სჭირდებოდა სასწრაფო შეკეთება.
ეფრემ ასური ხელნაწერი
გვყავს არაჩვეულებრივი ოსტატები, რესტავრატორები როგორც თვითონ ქაღალდის საფუძველზე დაწერილი ხელნაწერი წიგნებისა, ისე პერგამენტზე შესრულებული დოკუმენტებისა.

არქივში წიგნი 1923 წელს შემოვიდა შიო მღვიმის მონასტრიდან. ხელნაწერი ეკუთვნოდა ერეკლე II-ის შვილიშვილს დავით ბატონიშვილს, რომელმაც იგი შიო მღვიმის მონასტერს შესწირა.

ხელნაწერი შედგება სამი წიგნისაგან. პირველ წიგნში მოთავსებულია “ღირსისა მამისა ჩუენისა ეფრემ ასურისა ეპისტოლე იოანეს მიმართ მონაზონთა მოთმინებისათვის” და სწავლებანი – “სათნოებისათვის სწავლანი ათნი”, “სიტყუანი მოღვაწებითნი”, “მართლისა ცხოვრებისათვის” და სხვა (სულ 18 სწავლება), ანუ ეფრემ ასური ბერებს მოთმინებასა და სიმართლის თქმას ასწავლიდა. აქვეა “სათნოებისათვის ჭაბუკებისა მიმართ მონაზონისა წმიდათა შორის მამისა ჩვენის ეფრემის სიტყვა”.

ხელნაწერიმეორე წიგნში შესულია “წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ეფრემისი სიტყვაი მოღუაწებითი სრულყოფისათვის მონაზონისა შრომასა შინა…” და სწავლებანი – “შიშისათვის ღვთისა”, “უშიშოებისათვის”, “სიყუარულისათვის”, მათთვის, რომელთაც არ აქვთ სიყვარული, სულგრძელებისთვის, ფიცხელობისთვის, სიმშვიდისთვის, ბოროტებისთვის და სხვა (სულ 49). აქვეა “ანდერძი წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ეფრემ ასურის’.

მესამე წიგნია “ლავსაიკონი” – “ამას წიგნსა შინა წერილ არიან სათნოებითნი მოღვაწეობანი და საკვირველნი ცხოვრებისა წარმატებანი სანატრელთა წმიდათა მამათა პატიოსანთა და განშორებულთა უდაბნოს.” სულ 80 წმიდა მამის ცხოვრებაა ასახული. შეიცავს ისეთ ეპისტოლეებს, როგორიცაა ეპისტოლე პალადიის ეპისკოპოსისა ლავსოეს მიმართ, ისიდორე ალექსანდრიელისთვის, ქალაისა კოტამანიასთვის, დოროთეოს თებაიდელისთვის და ა.შ.

ხელნაწერს აქვს მინაწერი: “ეს ეფრემი მე სრულიად საქართველოს მემკვიდრემ, მეფის გიორგის პირმშომან ძემან დავით, შემოგწირე შენ ჩემ სასოსა ათორმეტთა მამათაგანს წმიდასა და საკვირველ მოქმედსა შიო მღვიმელს, სულისა ჩემისა საოხად ჩყგ (1803) წელსა და თებერვალს ით (19).”

ხელნაწერი გადაუწერია ჯვარის საყდრის დეკანოზ იოანეს, რომელიც იყო მეფე ერეკლესა და დედოფალ დარეჯანის მოძღვარი. აქვეა გადამწერის ანდერძი: “ქრისტე, შეიწყალე ფრიად უღირსი იოანე, რომელმან ძალითა შენითა სრულვყავ პირველი ესე ეფრემი აღწერად. აწ გევედრები, რათა ღირს მყო მეორისათა აღსრულებად” ე.ი. ღმერთმა ქნას, მეორე წიგნიც დავასრულოო და ბოლოს დაუწერია: “ქრისტე ღმერთო, სრულმყოფელი ამისი შემიწყალე ცოდვილი იოანე.
დიდებაი ღმერთსა, სრულმყოფელსა ყოვლისა კეთილისასა. შეწევნითა აღვსწერე სულთა განმანათლებელი წიგნი ესე ეფრემი თვისით ლავსაიკონით. მე უღირსმან ხუცესმან თბილისის ქალაქის ჯვარის საყდრის დეკანოზმა, მეფის ირაკლის და დედოფლის დარეჯანის მოძღვარმან იოანემ. ვითხოვ მხილველთაგან, რაითა რომელნიცა ხელად მიიღებდნენ და იკითხვიდნენ, შენდობას უყოფდნენ ჩემ ცოდვილისათვის. აღიწერა მარტის თვის იგ (13) ქართულსა ქორონიკონსა უნვ (1767 წ.).”

აქედან ჩანს, რომ წიგნი ნაწილ-ნაწილ გადაიწერა. არავინ იცის, ამას რამდენი წელი დასჭირდა.
ხელნაწერს თავში ორი ფურცელი აკლია, ანუ თავფურცელნაკლულია. შესრულებულია ნუსხურად, ზოგიერთი სათაური და დასაწყისი ასოები – ასომთავრულითა და სინგურით, ორ სვეტადაა დაწერილი, რაც უფრო ადრეული საუკუნეებისთვისაა დამახასიათებელი.

ეფრემ ასური (306-373 წწ.) სირიელი პოეტი, მწერალი, საეკლესიო მოღვაწე იყო. მისი თხზულებები განსაკუთრებით პოპულარული გახლდათ ქრისტიანულ აღმოსავლეთში, კერძოდ, საქართველოში.

ხელნაწერიეფრემი ქალაქ ნისიბინში, წარმართთა ოჯახში დაიბადა. ჭაბუკობის ასაკში მიიღო ქრისტიანობა. 365 წლიდან ედესაში დასახლდა (ედესა – ქალაქი ჩრდ. სირიაში. IV-VI საუკუნეებში ედესა ქრისტიანული სარწმუნოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრი იყო).

მას ეკუთვნის ბიბლიური ტექსტების კომენტარები, თეოლოგიური პოლემიკა, დიდაქტიკური ხასიათის ჰომილიები, აპოკრიფები. ეფრემის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი იყო სახარების ტექსტის კომენტარები. მის ნაწარმოებებს X საუკუნიდან თარგმნიდნენ და სწავლობდნენ.
ეფრემ ასურის ნაწარმოებების მთარგმნელთა შორის იყო ექვთიმე მთაწმინდელი (X ს.) და ეფრემ მცირე (XI ს-ის II ნახევარი).

გარდა ამ წიგნისა, საისტორიო არქივის ძველ საბუთთა განყოფილებაში ინახება ეფრემის ნაწარმოების რამდენიმე ხელნაწერი, რომლებიც გადაწერილია სხვადასხვა დროს როგორც მეთვრამეტე, ისე მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში.”

თათია ნავროზაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი