მთავარი » ქრისტიანობა

17 წლის ბერ-მონაზონი ანდრია ბერობისთვის ბავშვობიდან ემზადებოდა…

სტატიის ავტორი: | თარიღი: 18.03.2013 14 კომენტარი | 13,941 ნახვა

განუკურნებელი სენით დაავადებული, სარეცელს მიჯაჭვული მორჩილი ნუგზარ მილორავა გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე ჯერ მორჩილად, 2011 წლის 13 აპრილს კი უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის, ბერ-მონაზონი ანდრია მეუფე იაკობისა და მეუფე შიოს კურთხევით, ბერად აღკვეცეს. სახელად წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელი დაანათლეს.

ღვთისმოშიში და მოყვასის მოყვარული მამა ანდრიას ცხოვრების წესი და აღსასრული, რომელმაც გარდაცვალების დროც კი იწინასწარმეტყველა, ბევრისთვის დღემდე დაუჯერებელია… “ამბიონი” ბერი ანდრიას დედას – მილედი (თინათინ) ჩხვიმიანს ესაუბრა, რომელიც შვილის უკანასკნელ ანდერძს ასრულებს და თავის მეუღლესთან, ემზარ მილორავასთან ერთად სიმსივნით დაავადებულ უმწეო პატარებს სულიერ და ფიზიკურ თანადგომას უწევს.

ბავშვობა

მილედი ჩხვიმიანი: “ჩვენ აფხაზეთიდან ვართ. 27 სექტემბერს, როცა სოხუმი დაეცა, ჩვენი კუთხე დავტოვეთ, 9 დღე-ღამე “პერევალზე” დავყავით. ამ დროს ორსულად ვიყავი. მამა ანდრია მესტიაში დაიბადა, 1994 წლის 23 თებერვალს. მახსოვს, ძალიან დიდი თოვლი იყო, ქვეყნის ვითარება კი – უმძიმესი … ერთადერთი ის გვახარებდა, რომ შვილი შეგვეძინა. ბერი ანდრია ძალიან მშვიდი და წყნარი ბავშვი იყო, მერე ცოტა ჭირვეულობდა. როცა 4 თვის გახდა, ქუთაისში ჩამოვედით. სასტუმროს ერთ ოთახში 15 ადამიანი ვცხოვრობდით.

ძალიან ჭკვიანი გახლდათ და საქციელით, საუბრებით თავის ასაკს ყოველთვის წინ უსწრებდა. ვინც მასთან ურთიერთობდა, ყველა ამჩნევდა, რომ განსხვავებულად კარგი ბავშვი იყო, რაც არასდროს მომწონდა.

სკოლაში წარმატებული მოსწავლე იყო, მაგრამ გამორჩევა არ უყვარდა. თვითონ უკან დაიხევდა და სხვას წარმოაჩენდა. ბერი ანდრია მაღალ კლასებში ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავდა, ყველას უყვარდა და თითოეულ მათგანს სიყვარულსა და ყურადღებას თანაბრად უზიარებდა.

წერდა ძალიან კარგად. 2006 წელს მოკრძალებული წიგნი გამოვეცით, სადაც მისი ფიქრები ავკინძეთ. ამის წინააღმდეგიც კი იყო და რცხვენოდა, როცა ვინმეს ამ წიგნს ვაჩუქებდი, არ უნდოდა აღმენიშნა, რომ მისი დაწერილი გახლდათ. ახლა, როცა ამ წიგნს გადავხედავ ხოლმე, აღმოვაჩენ, მამა ანდრია ყველაფერში სიკეთესა და უფალს ხედავდა. ისეთი რამ აწუხებდა, რაც მის ასაკში მყოფი ბავშვისთვის უმნიშვნელოა. მაშინ არც ვიცოდით, რა გველოდა…

მამა ანდრია ძალიან მუსიკალური იყო და კარგი სმენა ჰქონდა. სახელმწიფო ფოლკლორის სკოლაში დადიოდა. ფანდურზე უკრავდა, ფორტეპიანოზე, ბოლოს გიტარაზეც. გალობდა გუნდში და გამორჩეულად თბილი ხმა ჰქონდა. ხშირად, როცა გალობისას მის ხმას ვერ ვარჩევდი, მიხსნიდა, რომ ის სწორად გალობდა, რადგან გუნდში ხმა არ უნდა გამოირჩეოდეს და როგორც ერთი ადამიანის შესრულებული, ისე უნდა ისმოდეს.

ეკლესიური ცხოვრება

10 წლის მამა ანდრიამ ტაძარში თავად მიმიყვანა და ეკლესიური ცხოვრება ერთად დავიწყეთ. დაუღალავად ლოცულობდა და მარხულობდა. ნამდვილი მართლმადიდებელი გახდა. ვერასოდეს ეტყოდი, რომ მარხვა საკვების მხრივ მოძღვრის კურთხევით მაინც ცოტა შეემსუბუქებინა. მსახურებებს მუხლმოყრილი ესწრებოდა… პირჯვარს ძალიან ხშირად ისახავდა და როცა ვეკითხებოდი, ასე რატომ აკეთებდა, მეუბნებოდა, რომ რაღაც ცუდი დაინახა ან გაიფიქრა. კარგად იცნობდა კომანში მოწამეობრივად აღსრულებული მღვდელმონაზვნის ანდრიას (ყურაშვილის) ცხოვრებას.

უფლის მადლობელი იყო, რომ საქართველოს წმიდა ადგილები თავისი ფეხით მოილოცა. ვიყავით ტაო-კლარჯეთშიც. იმ დროს უკვე დაავადება ჰქონდა, უჭირდა სიარული, იღლებოდა, მაგრამ გზას აგრძელებდა. ღმერთი აძლიერებდა…

მამა ნიკოლოზი (ნიკოლაიშვილი), მისი მოძღვარი ამბობს ხოლმე, რომ მამა ანდრიამ ძალიან ცოტა და ამავდროულად, ძალიან დიდხანს იცოცხლა დედამიწაზე.

სნეულება

ჯერ კიდევ პატარაობიდან, როცა ბერ ანდრიას რამე ასტკივდებოდა, მეკითხებოდა, საშიში ხომ არ იყო ჯანმრთელობისთვის… ერთი შვილი მყავდა და ვცდილობდი, არაფერი მომეკლო, დაბადებიდან წელიწადში ორჯერ გამოკვლევებს ვუტარებდი. ბერი ანდრიას მშობლები თითქოს სულ ელოდა რაღაც საშიშ დაავადებას. ერთხელ მითხრა, მფარველი ანგელოზი მაფრთხილებდა და ვიცოდი, რაც მელოდაო… მისი ავადმყოფობა, ალბათ, ღვთის ნება იყო.

მეოთხე სტადიაში დადგინდა მისი დაავადება – კანქვეშა რბილი ქსოვილების სიმსივნე, რაც 16 წლის ასაკში დაუდგინეს. აქამდე მხოლოდ ხანდაზმულებში იყო გავრცელებული და საქართველოში არც იყო დაფიქსირებული, ამიტომ დაგვიანდა დიაგნოზის დასმაც. როცა ვტიროდი, მამშვიდებდა, კარგია, გვიან რომ გავიგეთ ექიმების დასკვნა, თორემ უფრო ადრე დაიწყებოდა ქიმიოთერაპიები და ტანჯვაო.

8 თვის მანძილზე გაუნძრევლად იწვა ზურგზე. მუხლები მოეხარა და მუხლმოდრეკით იწვა. მაისურს დიდი წვალებით ვაცმევდით, მაგრამ გახდას ვერ ვახერხებდით და შემოჭრა გვიხდებოდა. იგი სკვნილებს ქსოვდა და მხოლოდ ძაფების საყიდლად თუ გამიშვებდა, დღედაღამ მის გვერდით ვიყავი და გვერდში მედგნენ ჩემი ოჯახის წევრებიც.

ბერ ანდრიას მგრძნობელობის უჯრედების სიმსივნე ჰქონდა, შეხება არ შეიძლებოდა და აუტანელი ტკივილები ტანჯავდა, თუმცა ის ავადმყოფობის მადლობელი იყო და ტკივილშიც კარგს ხედავდა. გამუდმებით ლოცულობდა. ღამე ტკივილი რომ შეაღვიძებდა, ამბობდა: მადლობა უფალს, რომ მტკივა, როგორ მახსენებს თავსო. მერე თავის სიტყვებითაც ლოცულობდა და ღმერთს ევედრებოდა: გამიყვანე, წამიყვანე, ჩამიხუტე, უფალო.

ბერად აღკვეცა

მამა ანდრისას მორჩილებისას ნიკოლოზი უწოდეს, ბერად აღკვეცა კი მე-6 კლასიდან უნდოდა. თავის სურვილი ინგლისურის მასწავლებელს გაუმხილა და როდესაც მასწავლებელმა დამიბარა და ამის შესახებ მითხრა, მეც გაუცნობიერებლად ვუპასუხე: თუ ღვთის რჩეული იქნება და უფლის ნებაც, ბედნიერი ვიქნები-თქო.

როდესაც მამა შალვა (შენგელია) და არქიმანდრიტი ბენიამინი მამა ანდრიასთან საზიარებლად მოდიოდნენ, ბერობის სურვილი მათთანაც გაამხილა, მაგრამ უფლისგან ნიშანს ელოდა. ერთი შვილი გვყავდა და ჩემს მეუღლეს არ უნდოდა, ბერი გამხდარიყო, თეთრ სამღვდელოებაში მისი წასვლის წინააღმდეგი კი არ იყო. ერთ დღეს მამამისმა მითხრა: ხომ უნდოდა ბერობა? თუ ისევ უნდა, აღკვეცონო. ეს მიიღო ღვთის ნებად და მეორე დღესვე, პატრიარქის კურთხევით, ბერად აღკვეცეს. ამის შემდეგ მან 4 თვე იცოცხლა. ამ დროის განმავლობაში იგი ბერული კანონებით ცხოვრობდა.

გარდაცვალება

მამა ანდრიამ რაც მის ცხოვრებაში ხდებოდა, ბევრი რამ წინასწარ იცოდა, მაგრამ ძალიან ფრთხილი იყო და ბევრს არაფერს ამბობდა. ბერი ანდრიას საფლავი როდესაც პატრიარქმა იგი სამების საკურთხეველში შეიყვანა, სანთლები, თავისი დაწერილი ხატები და ღვთისმშობლის ოდიგიტრიის დიდი ხატი აჩუქა. ესეც იცოდა, რომ ასე მოხდებოდა.

გარდაცვალებამდე 2 კვირით ადრე მითხრა: დედა, მე აქეთ უკვე აღარ ვარ, ღვთისმშობლის ოდიგიტრიის ლოცვა მიკითხე და სხვას ნურაფერს შემეკითხები. ამ ხატს აქვს ლოცვა მგზავრობის მნებებლებისათვის…

მამა ანდრიამ იცოდა, რომ 17 წელს ვერ გადააბიჯებდა. 2011 წლის 28 ივლისს, წმიდა ივლიტასა და კვირიკეს ხსენების დღეს 12: 00 საათზე თქვა: მე დღეს გარდავიცვლებიო და 5-ს აკლდა 5 წუთი, როცა ლოცვებით გარდაიცვალა: უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შეიწყალე ცოდვილი ბერი ანდრია.

სამუდამო განსასვენებლის შერჩევა გარდაცვალებამდე შესთავაზეს ცხუმ-აფხაზეთელმა მღვდელმსახურებმა და მანაც წმიდა ანტონ მარტყოფელის სავანე აირჩია. იგი ანტონ მარტყოფელის ღვთაების მონასტერში დავკრძალეთ.

გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ მშობლები მონასტერში ვიყავით, მე – დედათა მონასტერში, ხოლო მამამისი – მარტყოფის მონასტერში, მის საფლავთან.

ბერი ანდრიას ფონდი

მამა ანდრია იმდენად დიდი ადამიანი გახლდათ, რომ მან სოცოცხლეში იზრუნა ჩვენზე, თავის მშობლებზე. მთხოვდა, უყურადღებოდ არ დამეტოვებინა და მეზრუნა სიმსივნით დაავადებულ ბავშვებზე. ონკოლოგიური სენით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად ფონდის დაარსებაზე ზრუნვა მის სოცოცხლეშივე დავიწყეთ. ბერი ანდრიას ფონდი გარდაცვალების შემდეგ დავარეგისტრირეთ და დავარქვით “ბერი ანდრიას ფონდი”.

კარგად ვიცი ამ ბავშვების, მათი ოჯახების სოციალური და სულიერი მდგომარეობა. დავიწყე მათზე ზრუნვა, გამოჩნდნენ კეთილი ადამიანებიც, რომლებიც გვეხმარებოდნენ ამ ბავშვების მდგომარეობის შემსუბუქებასა და მათი სურვილების ასრულებაში. ვაკეთებთ იმ ყველაფერს, რასაც მამა ანდრიას ვუკეთებდით. უფალს უფრო რომ დაუახლოვდნენ, ბავშვები წმიდა ადგილების მოსალოცად დაგვყავს. მეუფეების კურთხევით, მოვილოცავთ საქართველოს ეპარქიებს. ჩვენთან მოდის მოძღვარი და პატარები ეზიარებიან. ფონდი 24 საათიანია და დღეს ამ ბავშვების ცხოვრების წესით ვცხოვრობთ, მათი მშობლების ტკივილი გვწყინს და სიხარული გვიხარია. პატარები უდრტვინველად იტანენ აუტანელ ტკივილებს, არიან უფლის მოყვარულები, მოშიშები, ლაღები და ბედნიერები…

ძნელია, როცა დედას შვილი გარდაეცვლება და უფუნქციოდ რჩება. მადლობა უფალს, მამა ანდრიამ ამ გზაზე დაგვაყენა, რადგან სხვა შემთხვევაში ორივე მშობელი ძალიან საცოდავები ვიქნებოდით. ახლა შანსი მოგვეცა, რომ საცხონებელი საქმე ვაკეთოთ. ყველა რეგიონში მყავს მშობლები, რომლებიც ჩართულნი არიან ჩვენი ფონდის საქმიანობაში.

დედასა და შვილს შორის კავშირი და ურთიერთობა არ წყდება. მე მენატრება ჩემი შვილი, ვიფიქრე, შევასრულო მისი ანდერძი და ვეცადო მაინც, რომ მოვხვდე იქ, სადაც მართალნი განისვენებენ.

სამწუხაროა, დღეს ბევრი სარგებლობს ბერი ანდრიას ფონდის სახელით, მიდიან ოჯახებში, დადიან ქუჩაში და ითხოვენ შესაწირს. ჩვენი ფონდიდან შესაწირს ამ ფორმით არავინ აგროვებს. ერთი და იმავე ბავშვის სახელით 5 ფონდი ერთდროულად მათხოვრობს და ბევრმა ისიც არ იცის, რომ ის ბავშვი შეიძლება გარდაცვლილი იყოს.

მადლობა უფალს, რომ დედამიწაზე ჩვენ გამოგვარჩია და გვანდო მამა ანდრია. მადლობა ჩემს შვილს, რომ ასეთი კარგი იყო და ეს ანდერძი დაგვიტოვა. ის სიცოცხლეზე მეტად მიყვარდა და მის გარეშე სხვანაირად, ალბათ, ვერ ვიცხოვრებდი”.

როგორც ქალბატონმა მილედი ჩხვიმიანმა აღნიშნა, მისი ოცნებაა, შეიქმნას ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრი, სადაც მკურნალობა უფასო იქნება. ის თავის მეუღლესთან ერთად ახლობლის ოჯახში ცხოვრობს და ნამდვილი ფიჭისა და თაფლისაგან, მოძღვრის კურთხევით, სანთელს ამზადებს და ყიდის. დღეს მათი შემოსავლის წყარო მხოლოდ ესაა, თუმცა უფლის მადლიერნი არიან, რომ შეძლეს და მამა ანდრიასთვის ყველაფერი გააკეთეს.

ბერი ანდრიას ფონდის დასახმარებლად:
საბანკო კოდი: GE 73 TB 71 7153 6080 1000 02
სატელეფონო ზარები: 0 901 50 05 35
ყველა მობილურსი ქსელის აბონენტისთვის.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

14 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი