მთავარი » საზოგადოება

11 წელი აგვისტოს ომიდან

სტატიის ავტორი: | თარიღი: 08.08.2019 ერთი კომენტარი | 149 ნახვა

08. 08. 08. ეს დღე საქართველოს ისტორიაში ყველაზე ტრაგიკულია. ომი 5 დღე გრძელდებოდა. რუსულ აგრესიას 170 სამხედრო, 14 პოლიციელი და 300-მდე სამოქალაქო პირი ემსხვერპლა.
ომის შედეგად საქართველოს 100 ათასზე მეტი მოქალაქე გახდა დევნილი, დაიჭრა ათას 747 ადამიანი, დაიღუპა 170 ქართველი სამხედრო, 14 პოლიციელი და 300-მდე სამოქალაქო პირი.

„ასეთი რამ ფილმებშიც არ გვინახავს, ჩვიდმეტიდან ერთადერთი საღ-სალამათი ჯარისკაცი, რომელსაც შეუძლია გაქცევა, მუხლებზე დასვენებული დაჭრილი თანამებრძოლის თავს გულში იხუტებს, ჯიბიდან მობილურ ტელეფონს იღებს და სადღაც რეკავს.

„მიპასუხე, მამაო, ღმერთო, არ გადის ეს დალოცვილი ზარი” -ისმის ტკივილით ნათქვამი სიტყვები. მერე მობილურს მოისვრის და დაჭრილ ბიჭებს გასძახებს, ჩემკენ მოიწიეთ, მტერს ცოცხალი არ უნდა ჩავბარდეთ, „ლიმონკა” მაქვს და თავს ავიფეთქებთ. ეს თვითმკვლელობა არ იქნება.

მე ვილოცებ, თქვენ თუნდაც გულში გაიმეორეთო და… ბრძოლის ველზე ანგელოზის გალობასავით გაისმის „მამაო ჩვენო”. ლოცვის დასრულების შემდეგ მცირე პაუზა იყო და უცებ ყველაფერი წამებში მოხდა, აფეთქებამ ანგელოზის ხმაც წაშალა და ისიც, ვისი ყელიდანაც ის ხმა ამოდიოდა.

აღარც ის დაჭრილი ჩანდა, მეგობრის მუხლებზე რომ ედო თავი. ჯარისკაცმა ალეკო ონიანმა თავი აიფეთქა და მასთან ერთად დაიღუპა გულში ჩახუტებული ნათლულიც – რომან ზოიძე. გამუდმებით ეხვეწებოდა ნათლული ნათლიას, ეს არ ქნა, წადი, მე მაინც არაფერი მეშველება და ჩემი სულისთვის ილოცეო. „არა” – უპასუხა ალეკომ..

ალეკო მობილური ტელეფონით მოძღვართან დარეკვას ცდილობდა, სურდა, საკუთარი თავისა და თანამებრძოლების შენდობა ეთხოვა.

ასე გალობითა და ლოცვით გადავიდნენ იმიერ საქართველოში ეს ბიჭები, ჩვენ კი ვაჟკაცობის საოცარი მაგალითი დაგვიტოვეს”.

შინდისელები იხსენებენ, რომ მოწინააღმდეგის ვაჟკაცობით გაოგნებულმა მტერმა, დახოცილების ნივთებს ხელი არ ახლო. ახლა ეს ნივთები მემორიალის საკუთრებაა.

ერთ-ერთი გმირის, მიშიკო დვალიშვილის ცხედარი შინ რომ მიასვენეს, მას ყველაფერი თან ჰქონდა – იარაღიც, ჯავშანჟილეტიც და მობილური ტელეფონიც.

და ჯიბეში, ქაღალდის ნაგლეჯზე დაწერილი ლექსი, სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე რომ დაწერა:

„ჩვენ ვართ კაცები, არ ვართ ლაჩრები, გულისკაცები და ვაჟკაცები.

ერთი ყუმბარა გვერდით თან გვიდევს, სიკვდილის შიში ვერ აგვატირებს.

ბევრი ვიყავით, ერთი სამარე თხილის გულივით გავინაწილეთ”.

(ის ლექსებს წერდა და სიგიჟემდე უყვარდა საქართველო).

(წყარო: „კვირის პალიტრა” 09.08.2010)

ქართველი გმირები ვაჟკაცობით განთქმულნი არიან. ბევრმა პოეტმა მათი სახელების უკვდავსაყოფად არაერთი შედევრი შექმნა.

გთავაზობთ ამონარიდს ლადო ასათიანის ლექსიდან “საქართველოში”:

“თავს არ მოიკლავს ქართველი, არა,

ის შეიძლება, ბრძოლაში მოკვდეს

ერთი იმედით: სიცოცხლე მარად

გაგრძელდეს ქვეყნად და განმეორდეს…

ჩვენ ვაჟკაცობა ძველთაგან მოგვდევს,

ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს!

ჩვენ, შეიძლება, ბრძოლაში მოვკვდეთ,

მაგრამ არც მაშინ ვტოვებთ სიცოცხლეს”.




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი