მთავარი » ჯანმრთელობა

შიდსის მსოფლიო დღე 2012

სტატიის ავტორი: | თარიღი: 30.11.2012 | 2,263 ნახვა

ყოველი წლის 1-ელ დეკემბერს შიდსის მსოფლიო დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლებასა შიდსის მსოფლიო დღე და დაავადებულ პირთა მიმართ საერთაშორისო სოლიდარობის დემონსტრირებას. 2012 წლის კამპანიის ძირითადი გზავნილია – დავიყვანოთ ნულამდე: ნული – ახალი აივ ინფექცია; ნული – სიკვდილი შიდსის გამო;ნული – დისკრიმინაცია.

მსოფლიოში 2011 წლის ბოლოს 34 მილიონზე მეტი ადამიანია აივ ინფიცირებული და შიდსით დაავადებული. საქართველოში 2012 წლის 24 ნოემბრის მონაცემებით რეგისტრირებულია აივ ინფიცირების 3588 შემთხვევა. მათგან 2630 – მამაკაცია და 958 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 40 წლამდეა. შიდსი განუვითარდა 2308 პაციენტს, 779 გარდაიცვალა.

2012 წელს გამოვლინდა 473 ახალი შემთხვევა. ანტირეტროვირუსულ (არვ) მკურნალობაზეა 1358 პაციენტი, მათგან 37 – ბავშვი.

ექსპერტთა პროგნოზით აივ ინფიცირებულთა სავარაუდო რიცხვი 5000-მდეა.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ინფორმაციით, აივ ინფექციის გადაცემის ძირითად გზას ნარკოტიკების ინექციური მოხმარება წარმოადგენს, მაგრამ სულ უფრო იზრდება სქესობრივი კონტაქტების როლი ინფექციის გადაცემაში; რეგისტრირებულ აივ ინფიცირებულ პაციენტთა 54% დაინფიცირდა ნარკოტიკების ინექციური მოხმარებით, 39% – ჰეტერო, ხოლო 4% – ჰომოსექსუალური კონტაქტის შედეგად. იზრდება აივ ინფიცირებულ ორსულ ქალთა რაოდენობა; საქართველო ითვლება მოწინავე ქვეყანად, რომელმაც უზრუნველყო შიდსით დაავადებულთათვის ანტირეტოვირუსული მკურნალობის უნივერსალური ხელმისაწვდომობა.

2012 წლის 1-ელ დეკემბერს, აივ/შიდსის პრევენციის სამუშაო ჯგუფი (PTF), რომელიც აერთიანებს სფეროში მოღვაწე 30 საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციას სასტუმრო “ქორთიარდ მერიოტში” (11:00-ზე) მართავს პრესკონფერენციასა და დისკუსიას მედიასაშუალებებისთვის და დაინტერესებული პირებისთვის. პრესკონფერენციას პირველი ლედი – სანდრა რულოვსი და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი დაესწრებიან.
შიდსის საწინააღმდეგო კამპანიის ფარგლებში ნაჩვენები იქნება ვიდეო რგოლები, გამოფენილი იქნება აივ/შიდსისა და ტუბერკულოზის პრევენციის საშუალებები. ასევე, ქალაქის მასშტაბით ევროკავშირის მიერ გამოყოფილი სპეციალური ავტობუსით დარიგდება საინფორმაციო მასალა.

20:00 საათზე კი თავისუფლების მოედანზე მოეწყობა დასკვნითი ღონისძიება – წითელი ლენტის აქცია. აქციის დროს მოქალაქეები აანთებენ სანთლებს და გამოსახავენ წითელ ლენტს – აივ დადებითი ადამიანების სოლიდარობის სიმბოლოს.

აივ-ი (ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსლი)- ეს არის ვირუსი, რომელიც ადამიანიდან ადამიანს გარკვეული გზით გადაეცემა და იწვევს ადამიანის იმუნური სისტემის დარღვევას ან საერთოდ დანგრევას.
აივ-ინფექცია – ეს დაავადებაა, რომელიც ადამიანის ორგანიზმში აივ-ის შეჭრის შედეგად ვითარდება, მიმდინარეობს უსიმპტომოდ და შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე წელი.
შიდსი – არის შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომის აბრევიატურა და იგი აივ-ინფექციის ტერმინალურ (საბოლოო) სტადიას წარმოადგენს.

აივით ინფიცირებულთა მიმართ საზოგადოებაში არასწორი დამოკიდებულებაა ჩამოყალიბებული. შესაბამისად, დიაგნოზის გამხელა ბევრისთვის უფრო საშიშია, ვიდრე თავად ვირუსი: დაავადება რამდენიმე წლის შემდეგ გამოვლინდება, ხოლო აივ-სტატუსის გამჟღავნება დაუყოვნებლივ და შეუქცევად შედეგებს მოიტანს. ფსიქოლოგების აზრით, თუ ეპიდემიის შეჩერება გვსურს, კარგად უნდა ვიცოდეთ მისი ისტორია და წარმოვიდგინოთ იმ ადამიანების მდგომარეობა, რომლებსაც უკვე შეეხო აივ/შიდსის პრობლემა.
შიდსთან დაკავშირებული სტიგმა და დისკრიმინაცია გლობალური მოვლენებია, ისინი გვხვდება მსოფლიოს ყველა ქვეყანასა და რეგიონში. სტიგმის შედეგად ირღვევა ადამიანთა უფლებები, საბოლოო ჯამში კი რთულდება ეპიდემიასთან ბრძოლის შესაძლებლობა. ირგვლივმყოფებისგან ნეგატიური რეაქციის შიშით ადამიანებს ეშინიათ იმის გაგება, არიან თუ არა – ინფიცირებულები.
ამდენად, ადამიანებმა უნდა მიიღონ მეტი ინფორმაცია აივ/შიდსის შესახებ. საჭიროა გავხდეთ შემწყნარებლები დაავადებულთა მიმართ. ამ პრობლემის მოგვარებაში მედია საშუალებებთან ერთად უდიდესი როლი საზოგადოების თითოეულ წევრს აკისრია.

მოამზადა თეონა ნოზაძემ
აივ-ინფექცია


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი