მთავარი » პოპულარული

“წმ. ნიკოლოზის ტაძრის წარმომავლობა მიუკერძოებლად უნდა განისაზღვროს”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 22.01.2012 | 2,702 ნახვა

სურბნ ნშან ვერცხლის ქუჩაზე მდებარე ეკლესიასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს:

“როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ახალი წლის დღეებში, თბილისის ძველ უბანში, ვერცხლის ქუჩაზე მდებარე წმ. ნიკოლოზის ეკლესიაში, რომელიც არ არის მოქმედი და რომელსაც სომხები “სურბ ნშან”-ს უწოდებენ, გაჩნდა ცეცხლი და ტაძარი დააზიანა.

ეს ფაქტი, ჩვენს გულისტკივილს იწვევს. სამწუხაროა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით მასმედიაში გავრცელებული ინფორმაცია გარკვეულ ცდომილებებს შეიცავს.

საქართველოს საპატრიარქოს მიაჩნია, რომ ვერცხლის ქუჩაზე მდებარე ტაძარში, პირველ რიგში, უნდა განხორციელდეს გადაუდებელი გამაგრებითი სამუშაოები, შემდეგ კი უნდა შეიქმნას ერთობლივი კომისია, რომელიც ჩაატარებს არქეოლოგიურ კვლევებს და დადებს სათანადო დასკვნას. ამ საქმეში კი აუცილებლად უნდა მიიღონ მონაწილეობა როგორც საქართველოს საპატრიარქოს, ისე სომხური მხარის წარმომადგენლებმა, რათა მიუკერძოებლად განისაზღვროს ტაძრის წარმომავლობა, აქედან გამომდინარე კი, – მისი კუთვნილების საკითხი.

ანალოგიური მიდგომით უნდა განხორციელდეს სხვა სადავო ტაძრების მეცნიერული შესწავლა და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდეს პარიტეტულ საწყისებზე მათი გადაცემა სომხეთში, ლორე-ტაშირის ეპარქიაში, საქართველოს ეკლესიისთვის, საქართველოში კი, – სომხური მხარისთვის”.

ვერცხლის ქუჩაზე მდებარე წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში ხანძარი 3 იანვარს შუადღისას გაჩნდა, რომელიც იმდენად ძლიერი იყო რომ მისი ჩაქრობა რაქმდენიმე დღე ვერ ხერხდებოდა.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.