მთავარი » ქრისტიანობა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (05.08.2018)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 05.08.2018 | 2,231 ნახვა

patriarqi

“ჩვენთან არს ღმერთი!

ჩვენ გვექნება ასეთი პრაქტიკა _ წირვის ბოლოს ბიბლიიდან წავიკითხავთ თითო თავს. დღეს ჩვენ წავიკითხავთ ,,ეკლესიასტეს” პირველ თავს. დიდი სიბრძნეა აქ და ნათქვამია, რომ საწყისი სიბრძნისა, არის შიში ღვთისა.

მეუფე დანიელი წაიკითხავს პირველ თავს.

სიტყუანი ეკლესიასტესნი, ძისა დავითისნი, მეფისა ისრაჱლისანი, იერუსალიმს
ამაოება ამაოთა, – თქუა ეკლესიასტე, – ამაოება ამაოთა, ყოველივე ამაო
რა უმეტეს არს კაცისა, ყოველსა შინა შრომასა მისსა, რომელსა შურების მზესა ამას ქუეშე
ნათესავი წარვალს და ნათესავი მოვალს, და ქუეყანა უკუნისამდე ჰგიეს
და აღმოვალს მზე და დავალს მზე და ადგილსა თჳსსა მივალს იგი
და მუნვე მივალს სამხრით და მოჰვლის ჩრდილოთ, გარემოვლის გარემო სული და სიმრგულესა თჳსსა მოიქცევის სული
ყოველი ჴევნები შესდის ზღუასა და ზღუა ვერ განძღების ადგილსა მას, სადა-იგი ჴევნები მივალს, მუნვე კუალად მიიქცევინ იგინი განსლვად
ყოველნივე სიტყუანი შრომით; ვერ შემძლებელ არს კაცი სიტყუად, და ვერ განძღეს თუალნი ხედვითა, და არა აღივსოს ყური სმენითა
რა არს ქმნილი იგი თავადი ყოფადისა მის და რაჲ არს, რომელმან ქმნა იგი? არს თავადი, რომელი ჰყოფს
და არა რაჲ არს ყოველივე მზესა ამას ქუეშე, რომლისათჳს იტყჳს და თქუას, ვითარმედ: ესე ახალი არს. მიერითგან ქმნილ არს საუკუნეთა მათ ყოფილთა უწინარეს ჩუენსა
არა არს ჴსენება პირველთა მათ და უკუანაჲსკნელთა, რომელნი ყოფილ არიან უწინარეს ჩუენსა, არა არს ჴსენება ქმნილთა მათ თანა უკუანაჲსნელთა
მე, ეკლესიატე, ვიყავ მეფე ისრაჱლსა ზედა, იერუსალიმს
და მივეც გული ჩემი გამოძიებად და განზრახვად სიბრძნესა ყოვლისავეთჳს, რომელ ქმნილ არიან მზესა ქუეშე, რამეთუ მიმოტაცება შრომისა მოსცა ღმერთმან ძეთა კაცთასა, რათა მიმოიტაცებოდიან მას შინა
ვიხილენ ყოვლითურთ, რომელნი ქმნილ არიან მზესა ქუეშე, და აჰა, ესერა, ყოველივე ამაო და გამორჩევა სულისა
და გარდაქცეული იგი ვერ ჴელ-ეწიფების შემკობად, და დაკლებულსა მას ვერ უძლავს აღრაცხვად
ვიტყოდე მე გულსა ჩემსა და ვთქუ: აჰა, ესერა, მე განვდიდენ უფროს მათსა, რომელნი იყუნეს უწინარეს ჩემსა იერუსალიმს და მივეც გულსა ჩემსა ცნობა სიბრძნისა და მეცნიერებისა. და შევსძინე მე სიბრძნე ყოველსა ზედა, რაოდენნი იყვნეს უწინარეს ჩემსა იერუსალჱმსა
და გულმან ჩემმან იხილა მრავალი სიბრძნე და მეცნიერება. იგავნი და მიწევნანი ვცნენ მე, რამეთუ ესეცა სულისა გამორჩევაჲ არს
რამეთუ სიმრავლესა შინა სიბრძნისა სიმრავლე მეცნიერებისა არს; და რომელმან შესძინოს ცნობა, შესძინოს მან სალმობა.
ახლა კი გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ ყოველდღე წავიკითხოთ თითო თავი ,,სიბრძნე სოლომონისა” ან ,,ეკლესიასტესი”.

ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, როცა ადამიანს უძნელდება გაარჩიოს სად არის კეთილი და სად არის ბოროტი; სად არის თეთრი, სად არის შავი; მაგრამ თუ ადამიანი მორწმუნეა, თუ ადამიანს გააჩნია შიში ღვთისა, იგი გაარჩევს ბოროტს და კეთილს.

ბოლოდროს დიდი მღელვარება შემოვიდა საქართველოში. ეს მღელვარება დაკავშირებულია იმასთან, რომ ნებადართული გახდა ნარკოტიკების მიღება, ნებადართული გახდა მარიხუანას მიღება. ეს არის დიდი შეცდომა.

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ნარკოტიკისადმი მოთხოვნილება ერთ დონეზე არ ჩერდება, რაც დრო გადის ადამიანის ბუნება თხოულობს უფრო მძიმე ნარკოტიკს და ვეღარ იკავებს თავს.

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ნარკოტიკების მიღების ნებართვა, ეს არის მტრობა ჩვენი ერისა.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ადამიანები, რომელთაც გამოიტანეს ეს ნებართვა, თვითონაც არ არიან ამის თანახმანი. მაგრამ იმდენად დიდია მათზე პრესი, ზეგავლენა, რომ იძულებულნი გახდნენ მიეღოთ ეს დადგენილება.

არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ნარკოტიკებს თუ დავუშვებთ, უნდა დავუშვათ ვაჭრობა ნარკოტიკებით, უნდა დავუშვათ მოყვანა ნარკოტიკების და მთავარი რაც არის, ეს გამოიწვევს ჩამოსვლას ახალგაზრდებისა მეზობელი ქვეყნებიდან. მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოვლენ ცხოვრების კალაპოტიდან ამოვარდნილი ახალგაზრდები და შეიქმნება მთელი ცენტრი ნარკოტიკების. ამიტომ მე მოგმართავთ ყველას, უპირველესყოვლისა ჩვენს ხელისუფლებას, ჩვენს ინტელიგენციას, ჩვენს ახალგაზრდობას: გავუფრთხილდეთ სამშობლოს, გავუფრთხილდეთ ჩვენს შვილებს!

უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველი გასინჯვა ნარკოტიკისა ეს უკვე დასაწყისია დაცემისა.

მე კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, რომ ნუ დავღუპავთ ჩვენს შვილებს, ნუ დაუშვებთ ამ უკანონობას. ღმერთმა ძალა მოგცეთ, ღმერთმა მოგცეთ სიბრძნე. დღეს ამიტომ ვთხოვე მეუფეს, წაეკითხა ,,ეკლესიასტეს” სიბრძნე და თქვენც გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ დღეში ერთი თავი წაიკითხოთ ,,სიბრძნე სოლომონისა” და ,,ეკლესიასტესი”, რათა მოგვეცეს ღვთის შიში და სიბრძნე.

ღმერთმა დაგლოცოთ

ჩვენთან არს ღმერთი!”.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი