მთავარი » ქრისტიანობა

გიორგობა – სადღესასწაულო ქადაგება (06.05.2019)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 06.05.2019 | 243 ნახვა

6 მაისს, ქაშუეთის ტაძარში, სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა და დღესასწაული – გიორგობა მიულოცა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ .

„გილოცავთ გიორგობას, გადმოგცემთ მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას, დალოცვას. შეგვეწიოს მისი მადლი, ლოცვა და ჩვენც მივულოცოთ მას ეს შესანიშნავი დღე და ვუსურვოთ მას და მისი ლოცვა-კურთხევით და წინამძღოლობით, სრულიად საქართველოს გადარჩენა, შეწევნა და აღორძინება”, – ბრძანა მეუფემ.

მეუფემ გიორგობის დღესასწაულის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

„დღეს არის საოცარი დღე. ქართველებისთვის განსაკუთრებული მფარველი გახლავთ წმინდა გიორგი, ვინაიდან ჩვენ ერს, ისტორიის მანძილზე, ყოველთვის უწევდა უთანასწორო ბრძოლა. ამ უთანასწორო ბრძოლაში, ჩვენ ძალიან ხშირად ვიმარჯვებდით არა ადამიანური ძლიერებით, არამედ ღვთის შეწევნით და ძალიან ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც წმინდა გიორგი შეეწეოდა ჩვენს ჯარს ბრძოლის დროს, ამიტომაც განსაკუთრებული სასოება და სიყვარული გვაქვს მის მიმართ და შეიძლება ითქვას, რომ ეს უთანასწორო ბრძოლა დღესაც გრძელდება და ყოველთვის იყო, როგორც ფიზიკური, ასევე სულიერი. სულიერი ბრძოლაც ხომ უთანასწოროა. წმინდა გიორგი, ჩვენ ყოველთვის გვამხნევებს, რომ შესაძლებელია სულიწმინდის მადლით, დამარცხება ბოროტების.

წმინდა გიორგიც ხომ უფრო სუსტი იყო, ვიდრე ის გველეშაპი, რომელი მან განგმირა. ჩვენს ხატებზე ის გამოსახულია, როგორ მხნე, ვაჟკაცი რაინდი, რომელიც კლავს, გმირავს ამ გველეშაპს და გადაარჩენს ქალწულს, დიდებულის ქალიშვილს. დღეს ჩვენ ვფიქრობთ ამ ხატებაზე, თუ რაოდენ ახლოსაა ჩვენს ცხოვრებასთან, როგორ ჰგავს ის ადამიანის ცხოვრებას, იმიტომ, რომ ბოროტება უმეტესად გარეთაა, მაგრამ ჩვენს შიგნითაც არის ეს ბოროტება და ჩვენ უნდა დავფიქრდეთ, რა არის ჩვენში ის კეთილი ნაწილი, კეთილი მხარე, რომელიც დაიცვა წმინდა გიორგიმ. რა არის ღვთისა, რა არის ის, რაც უნდა შევიდეს სასუფეველში, რისთვისაც მოწოდებულია ადამიანი. ეს არის კეთილშობილება, სიწმინდისკენ სწრაფვა, ეს არის ღმერთისკენ სწრაფვა და ბევრი სიკეთე, რომელიც ჩვენში არის ჩადებული”, – ბრძანა მეუფემ.

მეუფე შიოს თქმით, თითოეულ ადამიანს, მეორე მხარეც აქვს ბოროტების სახით.

“არის მეორე მხარეც, ბოროტიც. ეს არის ჩვენი დაცემული ბუნება, ეს არის ბოროტი სულები, ეს არის ასევე ბოროტი ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, რომ მოსპონ ეს ყველაფერი, ყველაფერი კარგი ჩვენში, ჩვენს შინაგან ცხოვრებაში, ჩვენს ოჯახურ ცხოვრებაში, ჩვენს საერო ცხოვრებაში, რომ განადგურდეს ყოველივე სიკეთე, ყოველივე ღვთაებრივი, ამაღლებული და აღმატებული”, – ბრძანა მეუფემ.

როგორც მეუფე შიომ ქადაგებისას აღნიშნა, წმინდა გიორგის ცხოვრება, ჩვენთვის ერთგვარი მოწოდებაა, რომ ბოროტების წინააღმდეგ ჩვენც გამოვიდეთ საბრძოლველად.

„ასევე ჩვენში არის ის რაინდული სულიც, რომელიც მზად არის, რომ ამხედრდეს და საბრძოლველად გამოვიდეს, რომ დაიცვას ეს სიწმინდე და შეებრძოლოს ბოროტებას, ჩვენს გულშიც და გარეთ ცხოვრებაშიც. ამ ყველაფერზე ვფიქრობთ დღეს ჩვენ და ეს წმინდა გიორგის პიროვნება, მისი ცხოვრება, არის ერთგვარი მოწოდება ჩვენთვის, რომ ჩვენც გამოვიდეთ საბრძოლველად ბოროტების წინააღმდეგ ჩვენს სულებში და შემდეგ ჩვენს ცხოვრებაში. ვევედროთ წმინდა გიორგის, შეგვეწიოს, რომ ამ ბრძოლაში, როგორც მან გაიმარჯვა და განგმირა გველეშაპი, ჩვენს ცხოვრებაშიც გაიმარჯვოს იმ წმინდა და კეთილმა ნაწილმა, რომელიც არის ღმერთის მიერ შექმნილი ღვთის ხატად და მსგავსად. სულიწმინდის მადლის გარეშე, შეუძლებელია ამ ბრძოლის წარმართვაც და ამ ბრძოლაში გამარჯვებაც”,- ბრძანა მეუფემ.




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.